"გოგომ თუ გაგიღიმა, ესე იგი, "რაღაცას" ფიქრობს... გოგოს პატარაობიდანვე თავში ვუბეჭდავთ, რომ მკაცრი იყოს. მერე ქმარს უკვირს, რატომ არ არის მისი ცოლი უკომპლექსო და სექსუალური?"
ლამაზად რომ გამოიყურებოდე, საკუთარი გულით უნდა დაიწყო, სხვაგვარად ვერანაირი კოსმეტიკა ვერ გიშველისო, ამბობდა დაუვიწყარი კოკო შანელი. ამ მოსაზრების მომხრეა ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია:
- ადამიანის გარეგნობა ხშირად გენეტიკის დამსახურებაა. ჩემი მშობლები ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ.
ოღონდ გენეტიკას ხელშეწყობაც სჭირდება. მე ჯანსაღი ცხოვრების წესს ვიცავ. მოწევა სახის კანს აზიანებს და სიგარეტი არასდროს მომიწევია. უნივერსიტეტში ვსწავლობდი, იმ პერიოდში მოწევა მოდური იყო, მთელი სადაქალო მაგულიანებდა, შენც დაიწყეო, მაგრამ არავის გავლენის ქვეშ არ მოვქცეულვარ.
- წონას როგორ ინარჩუნებთ?
- ცოტას ვჭამ, თან 3-საათიანი შუალედებით. ხშირად მანქანას შინ ვტოვებ და სამსახურამდე ფეხით მივდივარ. აუცილებელი არ არის მუდმივად დიეტაზე იყო და იტანჯებოდე. მე მსგავსი სტერეოტიპების მოწინააღმდეგე ვარ: სადღაც ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ქალს დაბერილი ტუჩები, ფართო წარბები, აპრეხილი ცხვირი უნდა ჰქონდეს და აუცილებლად გამხდარი უნდა იყოს, მაგრამ ადამიანი სხვას რატომ უნდა დაემსგავსოს? ამას წინათ გადაცემა ვნახე, სადაც შორენა და კესარია ისხდნენ, ვუყურებდი და ვერ ვარჩევდი, რომელი იყო შორენა და რომელი კესარია, ერთმანეთს ტყუპივით ჰგავდნენ! არ შეიძლება ადამიანებს ერთნაირი ცხვირი, ტუჩები და ნაკვთები ჰქონდეთ. ანჯელინას პაროდიები დააბიჯებენ მთელ მსოფლიოში...
არც ინიექცია მიკვირს და არც ბოტოქსი, ჭარბი წონა რომ მაწუხებს, დიეტას ვიწყებ, მაგრამ ვიღაცის ასლი გავხდე, აზრადაც არ მომივა.
როცა ქალი კეთილგანწყობილი და ხალისიანია, მამაკაცებში მეტ სიმპათიას იწვევს. რამდენჯერ ჩემ ირგვლივაც ყოფილა ასეთი შემთხვევა: გოგონა სულაც არ ყოფილა კლასიკური სილამაზის, მაგრამ მის გარშემო უამრავი თაყვანისმცემელი ტრიალებდა. რატომ? - ის სითბოს, სიკეთეს ასხივებდა და ყველას იზიდავდა. სწორედ ამას ჰქვია ქალური შარმი, ქარიზმა. ხშირად უკვირთ, რატომ ხდება, რომ ერთი ლამაზია და უბედური, მეორე - არც ისე ლამაზი და მაინც კარგად აქვს ცხოვრება აწყობილი. როცა ადამიანი ჩამქრალი და მოსაწყენია, მასთან ურთიერთობას ყველა ერიდება.
უცხოეთში ყოფნისას ყველაზე მეტად იცით, რა მომწონდა? - იქ ძალიან უყვართ გაღიმება. უცხო ადამიანსაც კი ხელს დაუქნევენ, გაუღიმებენ. არა აქვს მნიშვნელობა გიცნობენ თუ არა. ჩვენთან რა ხდება? - გოგომ თუ გაგიღიმა, ესე იგი, "რაღაცას" ფიქრობს... ჩვენთან ახალგაზრდა ქალმა დაბღვერილმა უნდა იაროს, შუბლზე აწერია, არ მომეკაროთო?! გოგოს პატარაობიდანვე თავში ვუბეჭდავთ, რომ არავის დაელაპარაკოს, რომ მკაცრი და სერიოზული უნდა იყოს. მერე ეს გოგონა ოჯახს შექმნის და ქმარს უკვირს, რატომ არ არის მისი ცოლი უკომპლექსო და სექსუალური? როგორ იქნება, როცა ბავშვობიდან ჩასჩიჩინებდნენ, არსად გაიხედო და არავის გაუღიმოო?! ასეთი ქალი ვერასდროს იქნება მიმზიდველი თავისი მეუღლისთვისაც კი.
- თქვენც ასე გზრდიდნენ?
- მთელი ჩვენი თაობა ასე იზრდებოდა, მაგრამ მე მაინც ღიმილიანი ვიყავი. ოჯახი 30 წლის წინ შევქმენი. მე და ჩემს მეუღლეს ბევრი სირთულეც გვქონდა: ომი, უმუშევრობა, ემიგრაცია - ყველაფერი გამოვცადეთ. შუა ასაკის კრიზისიც გვქონდა, როცა ურთიერთობა თითქოს გაცივდა, მაგრამ მაინც დღემდე მოვიტანეთ. არ არსებობს ოჯახი, სადაც 10-20 წლის განმავლობაში პრობლემა არ გაჩნდეს, მთავარია, ბოლოს სად მივლენ. ადამიანს თავისუფლებას თუ არ აძლევ, ამას კარგი არაფერი მოჰყვება.
- რას ფიქრობთ ქალებზე, რომლებიც ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერს თმობენ?
- ამ დღეებში ვესაუბრე ერთი ძალიან ცნობილი პიროვნების ყოფილ მეუღლეს. ქალი ყველაფერს აკეთებდა, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა. კაცი ტელევარსკვლავი იყო და არაფერს იკლებდა. როდესაც ქმარმა მიატოვა და სხვასთან წავიდა, ძალიან განიცადა, მაგრამ ახლა ამბობს, ღმერთო, რა ბედნიერი ვარ! რატომ ვითმენდი და რატომ ვიტანჯავდი თავს ფიქრით, ჩემი ქმარი ხომ არ მღალატობსო? ის წლები ამ მშვენიერმა ქალმა სულ ფუჭად დაკარგა.
აზრი არა აქვს ოჯახის შენარჩუნებას, თუ ადამიანი პათოლოგიური მოღალატეა. თუ ქმარი მექალთანეა, თანაც, ეჭვიანი და ტირანი, მე ასეთ კაცთან არ გავჩერდებოდი. მუდმივ ტანჯვასა და ტყუილში ცხოვრებას ვერ მოვითმენდი.
- ისევ გარეგნობას დავუბრუნდეთ: როგორ უვლით სახის კანს?
- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. დამატენიანებელ კრემებს ყოველთვის ვიყენებ. წესად მაქვს: კიტრს გავთლი, მის ნათალს სახეზე წავისვამ. მარწყვი რომ შემოვა, მის ნიღაბს ვიკეთებ... ძვირად ღირებული კრემებიც მქონია და იაფფასიანიც. რომ გითხრათ, მათ შორის დიდი განსხვავებაა-მეთქი, მოგატყუებთ. მგონი, ბრენდები შეფუთვაში უფრო მეტ ფულს ხარჯავენ.
ჩემი დაკვირვებით, ყველაზე კარგი ეფექტი მაინც ასე მიიღწევა: სუფთა თმა, სუფთა კანი და კოხტად ჩაცმა... და კიდევ, აუცილებელია კბილების მოვლა - ცუდი კბილები ქალს 10 წელს მაინც უმატებს, კარგი ღიმილი და განწყობა კი ზედმეტ კილოგრამებსაც გადაფარავს და პატარ-პატარა ნაკლოვანებებსაც.
სოფი ლორენს იდეალური არაფერი ჰქონია - არც ცხვირი, არც ტუჩები, არც სახის ნაკვთები, მაგრამ მსოფლიოს ულამაზეს ქალად აღიარეს.
ხათუნა ჩიგოგიძე
kvirispalitra.ge