თეგებით ძიება

მუხრანში მომხდარი მკვლელობა - პროკურატურამ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

მუხრანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს:

"საქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ჩ. საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა.

ვინაიდან ბ.ი. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება" - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა