როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა უცხო სხეული გადაყლაპა, ან თითში ხიჭვი შეერჭო?
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა უცხო სხეული გადაყლაპა? - პატარა ბავშვები ძალიან ხშირად ყლაპავენ მცირე ზომის უცხო სხეულებს: ნემსებს, ქინძისთავებს, მონეტებს და სხვა საგნებს.
ამაში საშიში შეიძლება არც არაფერი იყოს, რადგანაც უცხო სხეულს განავალთან ერთად გამოყოფს.
მათგან გასათავისუფლებად არაა საჭირო სასაქმებელი საშუალების მიცება, როგორც წესი, ისინი არ ჩერდებიან საყლაპავში ან ნაწლავებში.
თუმცა სახიფათოა ისეთი საგნები, როგორებიცაა ნემსი და გახსნილი ქინძისთავი. უცხო სხეულის საყლაპავში გაჩხერისას პატარას შეიძლება აღენიშნოს მუცლის ტკივილი, გულისრევა. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
თუ ჭამის დროს საკვები ბავშვს სასუნთქ გზებში გადასცდა და დაიწყო ხველება, აუცილებელია მისი სწორად დასმა და ზურგის არეში ბეჭებს შორის რამდენჯერმე მსუბუქად დარტყმა.
თუ ხველა არ ჩერდება და ბავშვი გალურჯდა, ის სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში.
ყელში გაჩხერილმა საგანმა, მაგალითად, თევზის ფხამ, შეიძლება ბავშვს სუნთქვის საშუალება აღარ მისცეს, ასეთ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფოს გამოძახება.
ზოგჯერ ბავშვები ცხვირში ან ყურში იყოფენ პატარა საგნებს.
როგორც წესი, რამდენიმე დღეში ჩნდება უსიამოვნო სუნის სისხლნარევი გამონაყოფი.
ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ბავშვს ცხვირში რაღაც აქვს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო დაწესებულებაში წაყვანა, რადგანაც საკუთარი ძალებით საგანი უფრო შიგნით და ღრმად შეიძლება შევიტანოთ.
ხიჭვი - როგორ ამოვიღოთ ხელის მიდამოში ხიჭვის შერჭობა - ხშირი მოვლენაა მცირეწლოვან ასაკში, რისი მიზეზიც ის არის, რომ აქტიური პატარები ყველაფერს ხელით ეხებიან. ამაში საშიში არაფერია, რადგანაც შინაურ პირობებშიც კი ადვილია ხიჭვის მოშორება. ხიჭვის ამოღებამდე საპნით კარგად უნდა დაიბანოთ ხელები.
შემდეგ უნდა დამუშავდეს ხიჭვის ადგილი, პინცეტი კი, რომლითაც ხიჭვი უნდა ამოიღოთ, აუცილებლად სპირტით უნდა გაიწმინდოს. ძალიან მარტივია იმ ხიჭვის ამოღება, რომლის ბოლოც კანიდან ამოწვერილია.
თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რომ ხიჭვი არ გადატყდეს, რადგანაც მისი ნაწილი ბავშვის სხეულში დარჩება და გარკვეული დროის შემდეგ ჩირქგროვა წარმოიქმნება.
თუ ხიჭვი კანქვეშ ღრმადაა და პინცეტით მისი ამოღება შეუძლებელია, შეიძლება ჩვეულებრივი ნემსის გამოყენება. საჭიროა მისი წვერის ცეცხლზე მოვლება, სპირტით დამუშავება. ნემსის წვერის ხიჭვზე მოდებით შეიძლება მისი ამოღება. მაგრამ ჯერ ნემსის წვერით კანი უნდა გაიჭრას ხიჭვის ადგილზე.
mkurnali.ge