თეგებით ძიება

ქართველი ქალების ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ზარმაცი კაცების რჩენის ვალდებულებას იღებენ - ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მიიჩნევს, რომ დედობა ქალისთვის ტრანსფორმაციის დიდი შანსია და თვითონ ბევრად უფრო დაიხვეწა შვილთან ურთიერთობისას. რას ასწავლის ალექსანდრა შვილს, როდის უჩნდება სირცხვილის განცდა და რამდენად გულჩვილია, ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

- "სანამ დედა გავხდებოდი, მეგონა, საკუთარ თავზე ყველაფერი ვიცოდი. ჩემი გულის საზღვრები გამოკვეთილი იყო და რა მშვენიერია, როცა ხვდები, რომ ზღვარი იშლება. ჩემი სიყვარული უსაზღვროა" (უმა თურმანი).

- ნებისმიერი ახალი გამოცდილება და სიტუაცია განსაკუთრებულია ადამიანისთვის, განურჩევლად იმისა, დადებითია ის თუ უარყოფითი. მით უფრო, როცა ხარ ქალი და დედობრივი ინსტინქტი მძაფრად არის შენში.…დედობა - ეს არის ტრანსფორმაციის, უფრო მეტად გაკეთილშობილებისა და სრულფასოვან ქალად ქცევის შანსი. ჩემს შემთხვევაში დედობამ ბევრი რამ შეცვალა, შვილის გამო რაღაც-რაღაცები გადავაფასე. მისთვის კარგი დედა და შესაფერისი პარტნიორი რომ ვყოფილიყავი, დავიწყე ფსიქოლოგიის შესწავლა, მოთმინების გამომუშავება... როგორც პიროვნება, ბევრად დავიხვეწე და ეს მისი დამსახურებაა, სწორედ ის არის ამ ყველაფრის სტიმული. მთავარია, იცოდე, როგორ მიუდგე შვილს ისე, რომ მისი სამყარო არ დააზიანო. ვასწავლი, რომ არ არსებობს ფიქრებსა და ოცნებებში ზღვარი, შეუძლია წარმოიდგინოს ყველაფერი, რაც მისთვის სასურველია, არ არსებობს ამ მხრივ ლიმიტი; ვეუბნები, რომ არაფერია შეუძლებელი და რასაც მოინდომებს, ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბევრს იშრომებს.

- "ახალგაზრდობა ნაკლია, რომელიც მალე გადის" (იოჰან ვოლფგანგ გოეთე).

- საინტერესო სიტყვებია, ბევრნაირად შეიძლება გაიგო. სანამ ზრდასრულობის ასაკს არ მიაღწევს ადამიანი, გამოცდილებამდე ბევრი რამ აკლია. ახალგაზრდობა - ეს არის მომენტის გამოყენება, გაქვს დიდი ენერგია, რომელიც დიდხანს უნდა შეინარჩუნო და ეცადო, მაქსიმალურად გვიან ამოწურო.

- "იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია, - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი" (პლატონი).

- აი, რასაც ვამბობდი, ჩემს შვილს ვასწავლი-მეთქი, დაახლოებით ესაა: გულწრფელობა საკუთარი თავისა და ხალხის მიმართ, ესთეტიკისა და სილამაზის აღქმა და კარგის სურვილი. ამას კიდევ ერთ რამეს დავამატებდი: იცხოვრო მხოლოდ შენი ცხოვრებით და დრო არ დაკარგო სხვის განკითხვაში.

- "სირცხვილის შესწავლა არ შეიძლება, კაცი მასთან ერთად უნდა დაიბადოს" (პუბლიციოს სირიუსი).

- სირცხვილში ალბათ სინდის-ნამუსს გულისხმობს და ამ შემთხვევაში, ვეთანხმები. სინდისი კი, სამწუხაროდ, ზოგჯერ ირეცხება (იცინის). ჩვენ ვიბადებით ცარიელნი და მერე თვისებებს, სოციუმისთვის მისაღებსაც და მიუღებელსაც, ოჯახიდან და საზოგადოებიდან ვითვისებთ. იცით, რისი მრცხვენია?.. როცა ვკარგავ წონასწორობას და ისე ვბრაზდები, რომ შეუფერებლად ვიქცევი, თუნდაც წამიერად. ვმუშაობ იმაზე, რომ საკუთარი თავი და ემოციები ვაკონტროლო…და იმ სიტუაციაში ეს ვერ შევძელი, მრცხვენია.

- "რა საჭიროა ცხოვრება, თუ არ ცდილობ სხვისი ყოფის შემსუბუქებას?!" (თომას ელიოტი).

- საკუთარი ყოფის მოგვარებით უნდა დაიწყო. შენს თავს რომ ვერ შველი, მერე ფიქრობ, იქნებ სხვას მაინც ვუშველოო, მაგრამ სხვას როგორ დაეხმარები, თუ თვითონ არ ხარ კარგად?

- "მძლავრი გონება იდეებს განიხილავს, საშუალო - მოვლენებს, სუსტი გონება კი - ადამიანებს" (სოკრატე).

- სწორედაც რომ ასეა, ძლიერი ადამიანები მარსისკენ იწევენ და სუსტები ვაკე-ვერას ვერ გასცდნენ ჭორაობით. ასეთ ადამიანებზე არ ვბრაზობ, მებრალებიან, იმდენ კარგ მომენტს კარგავენ ცხოვრებაში. შევამჩნიე, როდესაც თვითონ არ ხარ კონცენტრირებული მსგავს რამეზე, ირგვლივაც აღარ გყავს ისეთი ხალხი, ვისთვისაც ჭორაობა და სხვისი განკითხვა ბედნიერებაა და ვინც ამით ცოცხლობს.

- "ქალის დიდი მოთხოვნილებაა, ვინმეს უყვარდეს, ვიდრე ვინმე უყვარდეს" (ზიგმუნდ ფროიდი).

- ქალი არის ახალი სიცოცხლის მშობელი. ალბათ ამიტომაც, ჩვენთვის მთავარია, მამაკაცისგან მოდიოდეს უდიდესი სიყვარული. დიახ, ქალს აქეთ სჭირდება ბევრი სიყვარული, თორემ რეალურად თვითონ ბევრად მეტსაც გასცემს და ბევრად საიმედოცაა, ვიდრე მამაკაცი.

- "ზურგში დანას სწორედ ისეთი ადამიანი ჩაგცემს, რომლისთვისაც მზად ხარ, საფრთხის შემთხვევაში მკერდი მის მაგივრად მიუშვირო" (ელჩინ საფარლი).


- ასეც ხდება ხოლმე, რისი მიზეზიც ხშირად, ადამიანის მიმართ გადამეტებული მოლოდინია. დავუშვათ, გაქვს ვინმეს მიმართ ეს მოლოდინი და ის ცუდად იქცევა, ხომ დიდ იმედგაცრუებას გრძნობ?! ამიტომაც ჯობს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეს.

- "სუსტი არასდროს აპატიებს, პატიება ძლიერის თვისებაა" (მაჰათმა განდი).

- ვეთანხმები. მე რა უფლება მაქვს, არ ვაპატიო, როცა ღმერთმა ყველას ყველაფერი აპატია და ჯვარს ეცვა?! ჩემი რისხვისგან გავათავისუფლებ და ვაპატიებ, მაგრამ მასთან ყოფნა აღარ მენდომება. ვთქვათ, თუ გიღალატა, შენ აპატიე და თან კვლავ მასთან დარჩი, ვფიქრობ, თავმოყვარეობასთან გაქვს პრობლემა. ასეთი ადამიანი არ უნდა გააჩერო შენ გვერდით.

- "სიყვარული ახსნა-განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება საქმეები" (ერიხ მარია რემარკი).

- როდესაც რამე გაუგებრობაა და მისი გულის მოგებას სიტყვებით ცდილობ, ამ "ბლა-ბლა-ბლას" სჯობს, რამე მოიმოქმედო, თორემ ისე, სიყვარულის ახსნა სიტყვებით ძალიან კარგია, რატომაც არა?! საქმით დამტკიცებას მაინც სხვა, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. იმდენი მოლაყბე მამაკაცია გარშემო და საქმის არმკეთებელი, ყველას რომ დაუჯერო, არ გამოვა…მასე. საქმით უნდა დამანახვოს, რომ რაღაცის მაქნისია და მაშინ ბედნიერად ვიგრძნობ თავს. საერთოდ, მე უფრო რომანტიკული ვარ ურთიერთობებში, მაგალითად, ვცდილობ, განსხვავებულად მივულოცო დღესასწაული და ამით გამორჩეული ვიყო.

- "თუ კაცი ქალს ერთხელ შეეხება ფიზიკურად, ის ყოველთვის გაიმეორებს ამას" (ხალხური).


- როდესაც კაცი თავის ბრაზსა და ქცევას ვერ აკონტროლებს, კვლავაც გაიმეორებს ამგვარ საქციელს და დაჩაგრავს სხვას. რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას, ასეთ ადამიანებს ფსიქოლოგთან გავუშვებდი დაუფიქრებლად. ვიდრე ძალადობამდე მიხვალ, სხვა ბევრი შესაძლებლობაა, გააგებინო და აუხსნა ადამიანს, რა გსურს.

- "შეგიძლიათ ჰკითხოთ ქალს, თუ რატომ ტირის, მაგრამ არასოდეს ჰკითხოთ, თუ რა ატირებდა, რადგან ის უკვე აღარ ახსოვს" (ალექსანდრე დიუმა).


- აქცენტი ჩვენს ემოციურობასა და მგრძნობიარობაზეა. მართალია დიუმა, რას ერჩით, ტირილი, ცრემლები არის გაწმენდა არასასურველი ემოციებისგან. ძალიან გულჩვილი ვარ, ფილმზეც კი შემიძლია ვიტირო.…

- "ერთი ქალი არასდროს აღიარებს მეორის მშვენიერებას" (გოტფრიდ ლესინგი).

- სწორედაც რომ ლამაზებს არ უჭირთ და აღიარებენ ერთმანეთის სილამაზეს. ჩემთვის უმეტესად, ლამაზ ქალებს უთქვამთ კომპლიმენტები. უშნოებს არ უყვართ ლამაზები და შურიანობას აბრალებენ მათ. საერთოდ, ასეთი სტერეოტიპია, რომ ლამაზები არიან აუცილებლად შურიანები.…

- "ქვრივად დარჩენა სჯობია ზარმაცი კაცის ყოლასა" (ადიღეური აფორიზმი).

- ასეა. მამაჩემი ზარმაც ხალხს ვერ იტანდა და პატარაობაში მიკვირდა, რატომ არ სცემდა მათ პატივს. თვითონ ძალიან ენერგიული იყო, წუთითაც არ გაჩერდებოდა უსაქმოდ, ოჯახისთვის შრომობდა პატიოსნად. გავიზარდე და მივხვდი, მამა მართალი იყო. ზარმაცი ქმარი თუ გყავს, მაშინვე უნდა ადგე და წამოხვიდე, აბა, საკუთარი თავიც უნდა ინახო და კიდევ, ზარმაცი კაციც?!. ქართველი ქალების ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ისაა, ასეთი კაცების რჩენის ვალდებულებას რომ იღებენ..გააგრძელეთ კითხვა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა