"ხრიკს გასწავლით - უთხარით პოლიტიკოსებს, ხმას მოგცემთ, თუ ჩამოიტანთ „ფაიზერს“, თუ არადა არჩევნებამდე ვერ მივაღწევთ"- გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციასთან დაკავშირეით სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს მოსახლეობას გარკვეულ ხრიკებს ასწავლის:
"კარგი ამბავი - დღეს ევროპის წამლის სააგენტომ „ფაიზერის“ ვაქცინის წარმოებაზე ნებართვა მისცა დამატებით 2 ქარხანას (გერმანიაში და შვეიცარიაში).ეს ნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის წარმადობა გაიზრდება და წლის ბოლოსთვის ის იქნება ხელმისაწვდომი არა მარტო ევროკავშირის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც.
საქართველო ევროპაა. ეს უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის კონცეფცია. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ვაკეთებთ იმას, რასაც ევროპა. ჩვენ უნდა მიხელმძღვანელოთ იმით, რა რეკომენდაციებსაც ევროპის წამლის სააგენტო გასცემს. ჩვენ რას ვაკეთებთ?! „რემდესივირი“ და ჩინური ვაქცინები შემოგვაქვს. ეს მავნებლობაა.
ახლა ჩვენი დიპლომატიის და ყველა სტრუქტურის მთავარი ამოცანა უნდა იყოს - ვიშოვოთ რაც შეიძლება, მეტი „ფაიზერი“. ევროპელები როცა ჩამოდიან, ან როცა ჩვენი დელეგაციები მიდიან ვიზიტებზე ევროპაში, მოლაპარაკების მთავარი საკითხი უნდა იყოს, გვაშოვნინეთ „ფაიზერი“!
ხრიკს გასწავლით - არჩევნები მოდის, მოითხოვეთ „ფაიზერი“, უთხარით პოლიტიკოსებს, ხმას მოგცემ, თუ ჩამოიტანთ „ფაიზერს“. გავაკეთოთ ასე, თუ არადა იმ არჩევნებამდე ვერ მივაღწევთ.
გავიმეორებ - დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნით - მაღალეფექტური ვაქცინებია „ფაიზერი“ და „მოდერნა“. დანარჩენი დაბალეფექტური ვაქცინები არ არიან ქმედითნი ინდური შტამის წინააღმდეგ.
რა ხდება მსოფლიოში? - რუსეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების 96% ინდურ შტამზე მოდის, კატასტროფაა. ბრიტანეთი მთლიანადაა დაკეტილი. ისრაელშიც უკვე ფიქრობენ, შიდა სივრცეებში პირბადის ტარება ხელახლა შემოიღონ.
საქართველოში ხალხი ვირუსის პირისპირ მარტოა დატოვებული. შუაში სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, მაგრამ სახელმწიფოს კოლაფსი აქვს. არაეფექტურობაა ყველგან და ყველაფერში. მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორ გააკეთონ ფული. ქვეყანაში ვაქვინა არ არის, ამიტომ ერთადერთი იარაღი გრჩებათ, სამედიცინო პირბადე - გამოიყენეთ!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.