ე.წ. ინდური შტამის კიდევ ერთი მუტაცია - "დელტა პლუსი" გამოჩნდა, რომელიც კიდევ უფრო გადამდებია
ინდოეთში, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის კიდევ ერთი მუტაცია "დელტა პლუსი" (B.1.617.2.1) გამოჩნდა. სპეციალისტების მტკიცებით, კორონავირუსის ახალი მუტაცია კიდევ უფრო გადამდებია.
როგორც ინდოელი სპეციალისტები აცხადებენ, "დელტა პლუსით" ინფიცირებისთვის საკმარისია, დაავადებულს პირბადის გარეშე ჩაუაროს ჯანმრთელმა ადამიანმა.
ცნობისთვის, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი (B.1.617) გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. მოგვიანებით მან მუტაცია განიცადა და 3 ქვესახეობად ჩამოყალიბდა: B.1.617.1, B.1.617.2 ("დელტა") და B.1.617.3.
"დელტა" შტამი განაგრძობს მუტაციას. შედეგად, გასულ კვირას მაჰარაშტრას შტატში "დელტა პლუსი" აღმოაჩინეს. ამ ეტაპისთვის, ინდოეთში 22 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
უცნობია, მოქმედებს თუ არა "დელტა პლუსზე" ვაქცინები. სპეციალისტები საკითხს სწავლობენ.