EBRD-მა საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე გაზარდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოსთვის წელს 3.5%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი.
როგორც EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშშია ნატქვამი, ახალი პროგნოზით EBRD-ის წევრი ქვეყნების ზრდა წელს 4.2% იქნება, რაც აქამდე პროგნოზირებულ 3.6%-ს აღემატება.
საქართველოს ეკონომიკურ მიმოხილვაში EBRD აღნიშნავს, რომ ამჟამად საქართველოში აღდგენის დინამიკა შეიმჩნევა, რაც მეტწილად ტურიზმის გააქტიურებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო ქვეყანაში მნიშვნელოვანი რისკები კვლავ ნარჩუნდება.
"საქართველოს ეკონომიკა ამჟამად აღდგენის ძლიერ დინამიკას აჩვენებს. როგორც EBRD-ის წევრ ქვეყნებს შორის ტურიზმზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყანა, საქართველო პანდემიის და საზღვრების ჩაკეტვის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. შედეგად, 2020 წელს ტურიზმის შემოსავლები 83%-ით შემცირდა. ქვეყანაში არსებული გაურკვევლობის ფონზე, საინვესტიციო აქტივობა მკვეთრად შემცირდა. შედეგად, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა.
საქართველოს მთავრობამ საგარეო დაფინანსების მოზიდვით ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება შეძლო, ამასთანავე, შეინარჩუნა ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა რეკორდულად მაღალ $4.2 მილიარდი დოლარის დონეზე. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილები 30%-ით გაიზარდა, ექსპორტის მატებამ 20% შეადგინა, რაც რეგიონის ქვეყნებსა და ჩინეთში ქართულ პროდუქციაზე მყარ მოთხოვნას უკავშირდებოდა.
2021 წლის მაისში ქვეყანაში ინფლაციამ 7.7%-ს მიაღწია, რაც გასული წლიდან მოყოლებული ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების მიერ არის გამოწვეული. მაღალი ინფლაციის გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რაც თებერვალში 8%-ზე იყო, მაისში 9.5%-მდე გაზარდა. ჩვენი პროგნოზით 2021 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 4.5%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი 5.5%-ის ზრდა არის ნავარაუდევი. ტურიზმის სექტორის აღდგენა ამჟამად ეკონომიკური აქტივობის ზრდის მთავარ მამოძრავებელს წარმოადგენს. ამასთანავე, ქვეყანაში არის მნიშვნელოვანი რისკიც, რაც მოსახლეობის ვაქცინაციის დაბალ ტემპს უკავშირდება,"- ნათქვამია მიმოხილვაში.
EBRD-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდა თანხვედრაშია მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც 9 ივნისს, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა, იქამდე მსოფლიო ბანკი ქვეყანაში 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
რაც შეეხება EBRD-ის პროგნოზს რეგიონის ქვეყნებისთვის, ის ასე ნაწილდება:
• რუსეთი - 2021 წელს ნავარაუდევია 3.3%-იანი ზრდა, გაუმჯობესება წინა პროგნოზთან 0.3%;
• აზერბაიჯანი - 2021 წელს ნავარაუდევია 2%-იანი ზრდა, გაუარესება წინა პროგნოზთან 0.5%;
• სომხეთი - 2021 წელს ნავარაუდევია 4%-იანი ზრდა, ცვლილება წინა პროგნოზთან 0%;
• თურქეთი 2021 წელს ნავარაუდევია 5.5%-იანი ზრდა, გაუმჯობესება წინა პროგნოზთან 0.5%;
• უკრაინა - 2021 წელს ნავარაუდევია 3.5%-იანი ზრდა, გაუმჯობესება წინა პროგნოზთან 0.5%.
2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა საქართველოს მთავრობამაც, რომელიც ქვეყანაში 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.
bm.ge