ბოლო 5 თვეში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით გაიზარდა
საქსტატმა დღეს 2021 წლის პირველი ხუთი თვის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 11.5%-ით გაიზარდა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი აპრილში არსებული 44.8%-ის და მაისში არსებული 25.8%-ის ეკონომიკური ზრდა იყო.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. "ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება", - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ მაისში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა წინა წელთან შედარებით 50.3%-ით გაიზარდა და 8.2 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა 24.4%-ით გაზრდილმა ექსპორტმა.