300-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვია ჰოსპიტალიზებული - ეკატერინე ტიკარაძე
დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში 300-მდე კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, მაქსიმალური მზაობაა გამოცხადებული იმისთვის, რომ აგვისტოში, როდესაც "ალფა" შტამის "დელტა" შტამით ჩანაცვლება მოხდება, ინფრასტრუქტურული მზაობა იყოს, ასევე სამედიცინო პერსონალის კუთხითაც.
„მიუხედავად ამისა, ჩვენი ვალდებულებაა და ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თითოეულ ბავშვს, რომელიც იდენტიფიცირებული იქნება ინფექციის მატარებლად, ჰქონდეს შესაძლებლობა, ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს ის საჭირო მკურნალობა, რომელიც პაციენტისთვის იქნება საჭირო. დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში 300-მდე ბავშვია მოთავსებული. ჩვენ განვაგრძობთ პედიატრიული საწოლების მობილიზებას და არცერთი ბავშვი არ დარჩება ჰოსპიტალური საწოლის გარეშე. მნიშვნელოვანია ასევე მშობლების მხრიდან მაქსიმალური ყურადღება ბავშვების იმ ღონისძიებებში ჩართულობაზე, სადაც შეიძლება ბავშვი დაინფიცირდეს. დღესდღეობით კვლავ რჩება მნიშვნელოვან ღონისძიებად სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება იმისთვის, რომ ბავშვები დავიცვათ კოვიდისგან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, რეგიონებში ბავშვთა საწოლებზე არანაირი დეფიციტი არ არის.
„დეფიციტი შეინიშნებოდა თბილისში, ვინაიდან აქ უფრო მეტად არის გავრცელებული ინფექცია და ამ მიმართულებით სამინისტრომ განახორციელა არაერთი ქმედება, რომ დეფიციტი არ შეიქმნას და პაციენტები მივიღოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.