თეგებით ძიება

თელავში მომხდარი დაჭრის, ძალადობის და ქურდობის ფაქტებზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახში ძალადობის, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ქურდობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ pia.ge-ის შსს განუცხადეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნაცნობ ქალს - 1989 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათი კონფლიქტით გამოწვეული ხმაურის გამო, გ.გ.-ს შელაპარაკება მოუხდა მეზობლად მცხოვრებ ძმებთან - 1999 წელს დაბადებულ თ.რ.-სთან და 2004 წელს დაბადებულ ნ.რ.-სთან, რომლებსაც საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

ორივე დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისის თვეში ქალაქ თელავში სასურსათო მაღაზიები გაქურდა“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა