ურსულა ფონ დერ ლაიენს ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა ჯერ არ მიუღია
ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა ჯერ არ მიუღია, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულო პინომ განაცხადა.
„ვნახოთ, თუ მიიღებს მიწვევას, თუმცა ამ ეტაპზე ინაუგურაციაზე დასწრების გეგმები არ არის“, – განაცხადა პაულო პინომ პრესბრიფინგზე.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ისტორიულად უცხოელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციას არ ესწრებიან და ცერემონიალზე დიპლომატებს აგზავნიან, თუმცა დონალდ ტრამპმა რამდენიმე ლიდერი მიიწვია. მიწვეულებს შორის არიან ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. გავრცელებული ცნობებით, სი ძინპინი ინაუგურაციას არ დაესწრება, თუმცა ვაშინგტონში თავის წარმომადგენელს გაგზავნის.