თეგებით ძიება

ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ რუსეთს, მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და უარი თქვას აქტიური „ბორდერიზაციის“ პროცესზე

ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს ავრცელებენ, რომელშიც მოუწოდებენ რუსეთს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს შეუფერხებელი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და უარი თქვას აქტიური „ბორდერიზაციის“ პროცესზე.

„ჩვენ მტკიცედ ვართ ერთგული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წვლილი შევიტანოთ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობით და სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევით.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც ქვეყანას, რომელიც ახორციელებს დე ფაქტო კონტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე (როგორც ეს ხაზგასმით აღინიშნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეში), მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუფერხებელი წვდომა ორივე ოკუპირებულ რეგიონში, უარი თქვას აქტიური „ბორდერიზაციის“ პროცესზე, დაასრულოს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები – განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ჩადენილია ეთნიკური ნიშნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ასეთი დარღვევები დაისჯება მართლმსაჯულების წინაშე და ნება დართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას წინაპრების მიწაზე“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარების ერთობლივ წერილში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა