თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი ავირჩიეთ

ჩვენ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი ავირჩიეთ, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წლის გასვლას.

"აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.
საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები.
ამ ომმა შეიწირა ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე.

მინდა პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს.
მათი გმირობა ვაჟკაცობისა და უდრეკობის, სამშობლოსათვის თავდადების უკვდავი მაგალითია.
დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია.

ჩვენ კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი და პრაგმატული კურსი ავირჩიეთ, რომელიც, ჩვენი გონივრული პოლიტიკით და საერთაშორისო მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს შედეგს", - ნათქვამია ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.



შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა