თეგებით ძიება
25. 08. 2021 COVID - 19

"მკაცრი "ლოქდაუნია" საჭირო მცირე ხნით მაინც...არჩევნების ჩატარება სრული უგუნურებაა" - მანანა ჯებაშვილი

ექიმი მანანა ჯებაშვილი არსებული მძიმე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ოქტომბერში არჩევნების გამართვას უგუნურებად მიიჩნევს და სრული "ლოქდაუნის" მომხრეა.

"არსებული კოვიდპოლიტიკის კრიტიკას არ დავიწყებ, სურათი ისედაც ნათელია!
მინდა ყურადღება გავამახვილო იმ აქცენტებზე, რომელიც კოვიდთან კომპლექსურად ბრძოლის ეფექტურ მეთოდებს მოიცავს.

მოკლე დროში მოსახლეობის 70-80%- ის ვაქცინაცია.
ამისთვის საჭიროა:
1. ვაქცინების საჭირო რაოდენობა
2. ხელმისაწვდომობა (მაგალითად, ვინც ვერ ახერხებდა ონლაინ რეგისტრაციას ვერ იტარებდა ვაქცინაციას, ტრანსპორტირების პრობლემა და ა.შ.)
3. სრული, ამომწურავი ინფორმაციის გავრცელება ვირუსზე და მის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

ვინაიდან ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი არ არის და ვერიდებით მის ჩაკეტვას, რომ ეკონომიკური კოლაფსი არ გამოიწვიოს, ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ პანდემია-ეპიდემია ვმართოთ ლოკალური ჩაკეტვებით (სახლის, უბნის, რაიონის, რეგიონის და სხვ.) მაგალითად, მრავალრიცხოვანმა ჩინეთმა მართვის ეს მეთოდი იდეალურად გამოიყენა სხვა მეთოდებთან ერთად და შედეგიც სახეზეა.
თუმცა, ახლა საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვფიქრობ, პირველ ეტაპზე მკაცრი ლოქდაუნია საჭირო მცირე ხნით მაინც. ამას ლოკალური ვეღარ უშველის.

მოსახლეობის მასობრივი ტესტირება!
მასობრივი ტესტირებით და ჩაკეტვებით ახალ ზელანდიამ ჯერ კიდევ ვაქცინაციის დაწყებამდე დაამარცხა კოვიდი.
შარშან, პანდემიის დაწყებისთანავე იგივე პრინციპზე აგებული კოვიდთან ბრძოლის დეტალურად გაწერილი პროგრამა შევთავაზეთ ("სტრატეგია აღმაშენებელი") ხელისუფლებას, რაც არ იქნა გათვალისწინებული.

პანდემია-ეპიდემიის საბოლოოდ დასამარცხებლად საჭიროა ქვეყანაში ამოქმედდეს წახალისება-შეზღუდვების ეფექტური რეგულაციების სისტემა.
ჯანმრთელობის უფლება კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად დააწესონ რეგულაციები.
P.S. პანდემია ომის ტოლფასია. ომში ადამიანების გაწვევა სავალდებულოა და ამაზე არავინ დავობს. ასევე არ უნდა იყოს საკამათო ის, რომ პანდემიის პერიოდში ვაქცინირებული ადამიანებისთვის დასაშვებია ის, რაც დაუშვებელია არავაქცინირებულთათვის.
რაც შეეხება არჩევნებს, არსებულ ვითარებაში მისი ჩატარება სრული უგუნურებაა", - წერს მანანა ჯებაშვილი ფეისბუქზე.

სქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

საქართველო კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზე იმყოფება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა