„ამ ადამიანებს ძალიან მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ..." - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდსიტუაციაზე წერს. ამბობს, რომ მედპერსონალს უფრო მეტი ანაზღაურება და დაფასება უნდა ჰქონდეთ.
„თუკი გადარჩენის შანსი არსებობს, საკუთარ სიკვდილში დამნაშავე ვერ იქნება მხოლოდ ხალხი. ანგარიში ჰბარდება ამგვარად: რა არის საჭირო ადამიანის გადასარჩენად? რა გვაქვს, რა არ გვაქვს. რაც არ გვაქვს, რატომ არ გვაქვს ამდენ ხანს. ერთ-ერთი მთავარი, რაც გვაკლია არის ადამიანური რესურსი. ის, ვინც ახლა მუშაობს კოვიდის წინააღმდეგ ფრონტზე, თუ ჯერ პროფესიული გადაწვის სინდრომი არ აქვს, არსებობს საფრთხე, რომ მალე წამოეწიოს. ამ ადამიანებს ძალიან მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთზე უფრო ლამაზები და კიდევ უფრო ჭკვიანები არიან და მათი ნათელი შუბლები, რომ გადმოგვცქერის ბილბორდებიდან, გული იმედით გვევსება, მაგრამ მე პირადად, მზად ვარ თავს ეს სიხარული მოვაკლო, თუკი პოლიტიკური რეკლამების ხარჯებზე უარს იტყვიან კოვიდთან მებრძოლი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების სასარგებლოდ და კიდევ ახალი სამედიცინო ჯგუფების მომზადებისთვის. როცა ღარიბ ოჯახში ვინმე ავადაა, ფოტოსესიებში ფულს არ ხარჯავენ სხვა წევრები. თქვენი რეკლამაც ეგ იქნება, რომ მოგვიყვებით ტელევიზორში, - ჩემი მშვენიერი სახის გამოჭიმვის თანხა, საერთოდაც კამპანიის თანხა, ამდენი და ამდენი, ჩავრიცხე ამა და ამ კლინიკის პერსონალის სახელფასო ფონდში", - წერს ნათია ფანჯიკიძე.