თეგებით ძიება

"3 კვირაში ოჯახის 3 წევრისთვის 3 სამარე გაჭრა!..." - ჟურნალისტი უმძიმეს კოვიდტრაგედიაზე

ჟურნალისტი, მარი ჩიტაია მის ოჯახში დატრიალებულ უმძიმეს კოვიდტრაგედიაზე წერს, რომელმაც მისი 3 ახლობლის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"უმძიმესი რეალობაა, არ ვიცი, როგორ შევეგუო! დღეში, მინიმუმ 10-ჯერ ვრეკავ ჩემს დასთან, ირინასთან და ყოველ ჯერზე საუბარს უკვე ტრადიციად ქცეული ფრაზით ვიწყებ: ,,სოსო როგორ არის?"

ეს ჩემი სიძეა - სოსო გამყრელიძე, არაჩვეულებრივად კარგი ადამიანი, რომელმაც 3 კვირაში ოჯახის 3 წევრისთვის 3 სამარე გაჭრა!
წესით, ნორმალურ ქვეყანაში ასეთ ადამიანთან, მინიმუმ, 3 ფსიქოლოგი მუშაობს, რომ სტრესის გამკლავებაში, ფიზიკურ და სულიერ გადარჩენაში დაეხმაროს, მაგრამ ჩვენს სახელმწიფოში ასეთი მოქალაქეებით არავინ ინტერესდება! არავის, სახელმწიფო სექტორიდან არ უკითხავს, როგორ დგას ფეხზე, როგორ გაუმკლავდა სულიერად, ფიზიკურად და თუნდაც ფინანსურადაც... იმ პირობებში, როცა პანდემიური ტრაგედიებით ურცხვად მოსარგებლე, ხარბი ადამიანები ერთი გოჯი მიწის - საფლავის საფასურად არა ასეულ, არამედ ათასულ ლარს ითხოვენ! როგორ იდგა გამწარებული, 2 ძმისა და დედის დამკარგავი ადამიანი მესაფლავეებთან, მეკუბოვეებთან რიგში, რომლებიც ასევე 5-ჯერ ძვირ ტარიფებს თვითნებურად აწესებენ და არაფერი ადამიანური არ შემორჩენიათ!

ეს ყველაფერი სოსომ გამოიარა, ათასობით ადამიანი ამ გზას 2 წელია, გადის, ახლაც და მომავალშიც მოუწევს გავლა, სანამ კოვიდ-სტატისტიკა საბოლოოდ 0-ს არ დააფიქსირებს!

კოვიდ-ჰოსპიტალების მიღმა ,,შავ ქარვასლად" ქცეული საქართველო აღიმართა ჩვენს თვალწინ და არსად ამაზე წუხილიც არ ისმის, ვისგანაც მოველით!
საშიში ვირუსის რომ არ გვეშინოდეს, ალბათ, პანაშვიდებიდან პანაშვიდებზე უნდა დავრბოდეთ, რადგან ყველა ოჯახს შეეხო პანდემია პირდაპირ თუ ირიბად - ახლობლები, ნაცნობები, მეგობრები, ნათესავები გვეღუპებიან და ჩვენ მხოლოდ სოციალურ ქსელში დაწერილი სამძიმრით : ,,ვიზიარებ" - ფრაზით შემოვიფარგლებით, მეტი არ შეგვიძლია და არც არავინ მოითხოვს მეტს!

ამ უბედურებისას გადარჩენილი ადამიანი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი აღარ არის, ნუ მოივიტყუებთ თავს! მოქალაქეებზე ზრუნვის მექანიზმი გამოირთო... ისევე როგორც სასუნთქი აპარატებიდან ითიშებიან სასიკვდილოდ განწირული, შავი მიწისთვის გადადებული და ბოლოს, კლინიკების სარდაფებში შავ პარკებში გახვეული გვამები!

არ ვიცი, სხვა როგორ გამოვთქვა, როგორ გადმოვცე, რასაც ამ მომენტში განვიცდი!... ვხედავ, როგორ დაუძლურდა და ჩამოიშალა სისტემა, რომელსაც ჩვენი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და მომავალი უნდა ემართა!
სად არის გამოსავალი?!", - წერს ჟურნალისტი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, საქართველო კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთ რაოდენობით, მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზე იმყოფება.

კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 532,171 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 468,917 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 7,028 გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა