ზღვა და საშარდე გზების ინფექცია
საშარდე გზების ინფექცია წარმოადგენს მილიონობით ქალის პრობლემას და მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ბაქტერიულ პათოლოგიას. ამ დაავადებას ახასიათებს განმეორებები, რაც მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. მას არ სჩვევია ერთჯერადი ეპიზოდი, ანუ “დაგემართა, მიმართე ექიმს, დაისვა შესაბამისი დიაგნოზი, დაგენიშნა მკურნალობა და საბოლოოდ/სამუდამოდ გამოჯანმრთელდი”. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ხშირად მეორდება. ამის მიზეზი რამდენიმეა.
მოდით, ორ ფაქტორზე ვისაუბროთ. ერთი – ესაა თავად ბაქტერია, რომელიც პასუხისმგებელია საშარდე გზების ინფექციაზე და ეს “პასუხისმგებლობა” დაახლოებით 85%-ში მოდის ნაწლავის ჩხირზე, უფრო სწორად, ნაწლავური ჩხირის განსაკუთრებულ ჯგუფზე – უროპათოგენურ შტამებზე (მათ ახასიათებთ მეტი მიდრეკილება, გამოიწვიონ საშარდე გზების ინფექცია).
მეორე ფაქტორი გახლავთ ქალის ორგანიზმის თავისებურებები და მიდრეკილება საშარდე გზების ინფექციის მიმართ. ნაწლავის ჩხირის საწყისი საცხოვრებელი არეალი არის ნაწლავის ტრაქტი (აქედანაა მისი დასახელებაც). თავად ნაწლავში ის წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ და სრულიად არააგრესიულ ბაქტერიათა სახეობას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე უცნობი მიზეზების გამო, წარმოიქმნება ნაწლავის ჩხირის “აგრესიული პოპულაცია” – უროპათოგენური შტამები. ეს შტამები თავდაპირველად განიცდის მიგრაციას შორისის არეში, შემდეგ ხდება საშოს “კოლონიზაცია”, აქედან კი ბაქტერია ხვდება უკვე საშარდე გზებში. საშო წარმოადგენს საშარდე გზების ინფიცირების “ღია კარს”. ქალის ორგანიზმიდან მომდინარე, ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს ნაწლავების ფლორის დარღვევა, პათოგენური ბაქტერიების რაოდენობის მატება, შეკრულობისკენ ან ფაღარათისკენ მიდრეკილება. არანაკლებ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია საშოს ფლორის დარღვევა (ხშირად მიმდინარე საშოსმხრივი ანთებითი პროცესების ფონზე), რაც იქ არსებული რძემჟავა ბაქტერიების რაოდენობას პრაქტიკულად ნულამდე ამცირებს, ეს უკანასკნელი კი არის დამცავი ფაქტორი ნაწლავის ჩხირისგან როგორც საშოში, ისე შარდის ბუშტში.
ახლა რამდენიმე წინადადება ნაწლავის ჩხირის “ცუდ ქვევაზე”. უროპათოგენურ შტამებს გააჩნიათ ერთი პრინციპული თვისება – მათ აქვთ სპეციალური ფიმბრიები (ფოჩები), რომელთა მეშვეობით ეწებებიან საშოსა და შარდის ბუშტის კედლის ლორწოვანს. ეს თვისება ბაქტერიათა ერთგვარი გადარჩენის ფენომენია, რაც მკვეთრად აკნინებს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შედეგებს. “გადარჩენის” მეორე საშუალებას კი წარმოადგენს შარდის ბუშტის ლორწოვანის უჯრედებში შეღწევისა და იქ გამრავლების უნარი. სწორედ ეს რეზერვუარები განაპირობებს ინფექციის ეპიზოდების განმეორებებს და ამავე მიზეზით, ანტიბიოტიკებით მოკლევადიანი მკურნალობის კურსები ხშირად უშედეგოა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უკვე მარტივად იქნება აღქმული ჩვენი წერილის ძირითადი მესიჯები, პრობლემის სირთულე და აქტუალობა.
და რა შუაშია ზღვა?
არსებობს კონკრეტული მიზეზები, დაკავშირებული ქალის ჩვევებთან ზღვაზე დასვენების პერიოდში, რომლებიც იწვევს საშარდე გზების ინფექციების პროვოცირებას.
მიზეზი ნომერი ერთი – სითხის მიღების შესაძლო შემცირება.
კერძოდ, დასამალი არაა, რომ ხშირად ქალები მიზანმიმართულად ამცირებენ სითხის მიღებას. მათ სურთ, ნაპირზე მეტხანს დარჩნენ და ამ დროს მოშარდვის მოთხოვნილებამ არ შეაწუხოთ. იგივე სურვილთანაა დაკავშირებული მოშარდვისგან თავის მაქსიმალურად შეკავება ზღვის პირას ყოფნისას. გარდა ამისა, თავისთავად მზეზე ყოფნა დაკავშირებულია ოფლიანობასთან, რაც შარდის რაოდენობას კიდევ უფრო ამცირებს. ეს ყველაფერი არის საშარდე გზების ინფექციის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი. ხოლო თუ ქალს აქვს საშარდე გზების დაავადებათა ისტორია, ზემოთქმული შესაძლოა მორიგი გამწვავების მიზეზი გახდეს.
მეორე ფაქტორი – საცურაო კოსტუმის შეშრობა ტანზე.
ამ დროს საშოსა და ბაგეების მიდამო ხანგრძლივად არის სველი ტრუსების ზეგავლენის ქვეშ, რაც ძალიან სწრაფად იწვევს საშოს მიკროკლიმატის და მერე უკვე ფლორის შეცვლას. ამის შემდეგ, აქტიურდება პათოგენური მიკროორგანიზმები და ეს ხდება საშარდე გზებში ინფექციის მოხვედრის წინაპირობა.
ამრიგად, მთელი რიგი გარეგანი თუ შინაგანი მიზეზის გამო, ზღვაზე შესაძლებელია მოხდეს საშარდე გზების ინფექციის დაწყება ან გამწვავება. ამის რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ ქალებში, ვისაც აქვს საშარდე გზების ინფექციათა განმეორებების ისტორია.
ზღვაზე დასვენებისას, აქ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებასთან ერთად, სასურველია, თან გქონდეთ ორიგინალური იტალიური პრეპარატის, მაკმირორის აბების მინიმუმ 1 კოლოფი. რატომ მაკმირორი? პასუხი მარტივია: მაკმირორს გამოარჩევს უნიკალური თვისებები. მისი აქტიური ნივთიერება, ნიფურატელი, ინტენსიურად გამოიყოფა თირკმლებით და, შესაბამისად, შარდში მისი კონცენტრაცია ძალიან მაღალია, რაც ანადგურებს საშარდე გზებში არსებულ ნაწლავის ხჩირს და სხვა პათოგენურ ბაქტერიებს. გარდა ამისა, მაღალია მაკმირორის (ნიფურატელის) კონცენტრაცია საშოს ლორწოვან გარსში, რაც უზრუნველყოფს პათოგენური ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების (ტრიქომონა, სოკო) შემცირებას საშოში და ხელს უწყობს საშოს ფლორის აღდგენას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მაკმირორი არ იწვევს რეზისტენტობას და, “კლასიკური” ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, შესაძლებელია მისი ხანგრძლივი გამოყენება, შესაბამისი ჩვენებებით.
საშარდე გზების ინფექციების მკურნალობაში და მათ პრევენციაში ძალიან ბევრი ნიუანსი არსებობს. მაკმირორის როლი ამ დროს პრინციპულია. ის გვევლინება, როგორც პირველი არჩევის პრეპარატი და საიმედო მოკავშირე.
ალექსანდრე ხელაია, უროლოგი, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ქალთა უროლოგიის სექციის თავმჯდომარე.