"ამ პოლიტიკური პანდემიის მსხვერპლს ვითვლით დღესაც..." - სოფო ბერიძე
ექიმი სოფო ბერიძე საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მკაცრი ლოქდაუნი, უმკაცრესი, თუნდაც 5 დღიანი, რათა მცირე ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ ექიმებს!
- კოორდინატორების დანიშვნა რეგიონების მიხედვით!
- ცენტრალიზებულად ექსპერტების ჩართვა!
- გუნდების გადახალისება!
ყველაზე მეტად უჭირს ახლა რეანიმაციას – დავზოგოთ რეანიმატოლოგიური საწოლი, ოჯახის ექიმმა დროულად უნდა გამოავლინოს პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმდება, დროულად გამოვლენის შემთხვევაში, მისი მკურნალობაც ადვილია და მდგომარეობიდან გამოსვლაც.
– სიუჟეტი იყო რეანიმაციიდან, სადაც პაციენტმა ინტერვიუც კი მისცა და წერდნენ, შემდგომ ექიმები, რომ მოლაპარაკე პაციენტს არ სჭირდება რეანიმაციაო, ასეა?
– მოლაპარაკე პაცინეტი შესაძლოა გყავდეს რეანიმაციაში, რადგან, მოლაპარაკე პაციენტიც შეიძლება რამდენიმე წუთში დასაინტუბირებელი გაგიხდეს, მაგრამ ასეთ, მოლაპარაკე პაციენტს უნდა უვლიდეს თერაპევტი და არა რეანიმატოლოგი, რეანიმატოლოგი ამაზე არ უნდა ცდებოდეს. სხვათა შორის, ჰოსპიტალების ექიმებმა იმაზე მეტი შეძლეს, ვიდრე ველოდით, ყველა მოლოდინს გადააჭარბეს. მაგრამ მათი რესურსიც ამოწურვადია. საწოლი არ არის მთავარი, მთავარი ადამიანური რესურსია\'\'
მასიური გავრცელება 2020 აგვისტოში, ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო აჭარიდან - იყო სრულიად უკონტროლო სიტუაცია. პროგნოზი, რა მოჰყვებოდა ამას, შეიძლება ვერ გაეკეთებინა რიგით ექიმს, პროგნოზი შეიძლებოდა ვერ გაეკეთებინა მინისტრ ტიკარაძესაც კი, ჩემი აზრით, მას არ ეყოფოდა ამისათვის კომპეტენცია, მაგრამ პაატა იმნაძეს, ეპიდემიოლოგს, რომელიც სწორედ ამ პერიოდში იყო ჩამოსული ბათუმში და ყველა ინფორმაცია მიაწოდეს, აუცილებლად ეცოდინებოდა, სადამდე მიგვიყვანდა ეს სიტუაცია... და ამ პოლიტიკური პანდემიის მსხვერპლს ვითვლით დღესაც...", - წერს ბერიძე ფეისბუქზე.