ახალი შტამი - სამხრეთ აფრიკაში COVID-19-ის C.1.2 ვარიანტი აღმოაჩინეს
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლი, ზაზა წერეთლი სამხრეთ აფრიკაში COVID-19-ის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"ინფორმაციისათვის - სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა ახალი COVID ვარიანტი, C.1.2 ვარიანტი, რომელიც პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, უფრო მუტირებულია ორიგინალ ვირუსთან შედარებით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ცნობილი ვარიანტი.
ამ მომენტისათვის C.1.2 ვარიანტები იქნა ნაპოვნი ინგლისში, ჩინეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მავრიკიუსში, ახალ ზელანდიაში, პორტუგალიასა და შვეიცარიაში", - წერს წერეთელი ფეიაბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი პირველად 2019 წელს ჩინეთში, უჰანში აღმოაჩინეს. უცნობი ვირუსი მთელ მსოფლიოს სწრაფად მოედო, მან მუტაცია რამდენჯერმე განიცადა. პანდემიის დაწყებიდან გლობალურად კორონავირუსის 217,447,860 შემთხვევა არის დადასტურებული. ვირუსმა 4,518,723
ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.