თეგებით ძიება

კარლ ჰარცელი განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებას დე-ფაქტო ხელისუფლებას.

როგორც ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად შეიძლება COVID-19-ის ტესტირების გონივრული და ადეკვატური სტრატეგიის განხორციელება.

"დღეს გავიდა ორი წელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ოძისის გადაკვეთის პუნქტის დახურვიდან. ამ პუნქტის დახურვამდე, ყოველდღიურად საშუალოდ 400-მდე გადასვლა ხდებოდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ შეეძლო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა და ნათესავებთან შეხვედრა, პენსიების აღება ან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების გამოყენება. გარდა ამისა, შეზღუდული იყო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა, ხოლო შეტყობინებები საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის შესახებ კვლავაც გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, ახალგორის რაიონიდან სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადასვლების მარეგულირებელი პროცედურების ბოლოდროინდელი გამარტივება მისასალმებელი მოვლენა იყო.

ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლების უზრუნველსაყოფად შეიძლება COVID-19-ის ტესტირების გონივრული და ადეკვატური სტრატეგიის განხორციელება და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთის ფედერაციას დაუშვან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის ხელი შეუწყოს შემდგომ დისკუსიებს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში", - ნათქვამია გავრცეებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, კრემლმა აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. მოსკოვი დღმდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა