საქართველომ ბოდიშის გარდა, უნდა გადაიხადოს კომპენსაცია მატერიალური და მორალური ზიანისთვის - როგორ ეხმაურებიან რუსები და ოსები ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას?
ოსური და რუსული სოციალური ქსელები და პოლიტიკური წრეები აქტიურად ეხმაურებიან პარტია "ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2008 წლის ომის გამო ოსებისთვის ბოდიშის მოხდაა საჭირო.
RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა შეაქო ივანიშვილი:
"საქართველო შემაშფოთებლად სათანადოდ იქცევა. თითქოს ხანგრძლივი "ზაპოის" ან ფსიქოზის მდგომარეობიდან გამოვიდა, რასაც, ზოგადად, გულთბილად მივესალმები!”
"ივანიშვილის განცხადება “ისტორიულია” და მას თბილისის და მოსკოვის ურთიერთობა “ახალ დონეზე გადაჰყავს”, - თქვა კრემლის კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა, ნადანა ფრიდრიხსონმა.
"მობოდიშებისთვის მზადყოფნა ანადგურებს იმ შეგონებებს, რომლითაც 16 წელი ქართველების ცნობიერებას წამლავდნენ, რომ, თითქოსდა, რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია,” - დაამატა მან.
"სააკაშვილის, შევარდნაძის, გამსახურდიას დანაშაულებრივი პოლიტიკის აღიარება - სამხრეთ ოსეთის დაბომბვისა და ეკონომიკური ბლოკადისთვის, ადამიანთა დახოცვისა და ეკონომიკური ზარალისთვის კომპენსაციის გადახდა და, რა თქმა უნდა, ოსური სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება. ამის შემდეგ შესაძლებელია, აბსოლუტურად, ცივილიზებული დიალოგი წართმეულ ქართულ სახელმწიფოსთან“, - წერს სამხრეთ ოსური "ტელეგრამარხი" «БОНВ[Ӕ]РНОН».
სოციალურ ქსელებში ოსები ძირითადად შემდეგი შინაარსის კომენტარებს წერენ:
"საქართველომ ბოდიშის გარდა, უნდა გადაიხადოს მატერიალური და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია, აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მეზობლურ ურთიერთობებზე"
"შეწყვიტეთ 1920-იანი წლების იგნორირება. მაშინ ჩვენ არანაკლებ ვიტანჯებოდით“.
"რას ნიშნავს საკუთარ თავში ძალის პოვნა? საქართველომ უნდა აგოს პასუხი, რაც გააკეთა და აანაზღაუროს სამხრეთ ოსეთს და ოსებს მიყენებული ზიანი“.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციური პარტიის "სამართლიანობისთვის“ განცხადებაში ვკითხულობთ:
"ქართული ნაციონალიზმის იდეოლოგიამ ძალიან ბევრი ოსური სისხლი დაიღვარა, ამიტომ უბრალოდ ბოდიშის მოხდა საკმარისი ვერ იქნება. ქართულმა მხარემ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსი ხალხის მიმართ ქართული სახელმწიფოს პოლიტიკის გენოციდური ხასიათი, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა“.
პარტია "ერთიანი ოსეთის“ თავმჯდომარემ აცამაზ ბიბილოვმა კი განაცხადა:
"საქართველოს ხელისუფლება არ იღებს ზომებს რეგიონში უსაფრთხოების ძირითად საკითხებზე და არაფერს აკეთებს სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციისთვის. საქართველომ უნდა აღიაროს ოსების გენოციდი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რათა ვისაუბროთ მისი განცხადებების გულწრფელობაზე“.
მან ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი განცხადებები ხშირად კეთდება, მაგრამ რეალური ქმედება საქართველოს მხრიდან არ არის