თეგებით ძიება

"მასწავლებელმა სხეულზე ხელების ფათური და კოცნა დამიწყო..."

ბავშვების მიმართ ძალადობა ყველგან ხდება, მათ შორის სკოლებში, იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც მათი პიროვნული გაძლიერება უნდა მოახდინონ, სინამდვილეში კი ტრავმებს აყენებენ... "სარკე" სწორედ ასეთ ერთ-ერთ შემთხვევაზე წერს.

"გეტყვით იმას, რაც არავისთვის მომიყოლია და დღემდე ვმალავ, თუმცა ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკო იმ ადამიანის ახლობლებთან, რომელმაც დიდი ტკივილი მომაყენა. მინდა, ყველამ გაიგოს, როგორი გაიძვერა, ავხორცი და ცუდი პიროვნებაა. შეიძლება ერთხელ ასეც მოვიქცე და ფარდა ავხადო მის ბნელ წარსულს.

იმ ვითომ კაცმა ტრავმა ბავშვობაში მომაყენა. ჩემი მასწავლებელი იყო. ერთ დღეს ჩემ მიმართ ძალიან დიდი აგრესია გამოამჟღავნა, შარი მომდო, რომ ვერაფერს მაგებინებდა და სწავლას ძალიან მოვუკელი. მითხრა, გაკვეთილი რომ დამთავრდება, დარჩები და საკონტროლოს თავიდან დაწერო. მართლაც მეგონა, რომ მე ვიყავი დამნაშავე და მასწავლებელი სამართლიანად ბრაზობდა, ამიტომ დავრჩი.

კლასში მარტო ჩვენ ორნი ვიყავით. როგორც კი დერეფნებშიც ხმაური შეწყდა, მასწავლებელმა სხეულზე ხელების ფათური და კოცნა დამიწყო. მე ჯერ გავშეშდი, არ ვიცოდი, რას აკეთებდა ან ასეთ დროს რა უნდა მექნა. მერე კი ინსტინქტურად კლასიდან გავვარდი. ამ დროს ერთი მასწავლებელიც გამოვიდა და შეშინებული რომ დამინახა, მკითხა, რა მოხდაო. იმ კაცმა კი შორიდან გამოსძახა, წეღან წაბორძიკდა და დაეცაო. ასეთი რამ აღარ განმეორებულა, ალბათ შეშინდა და ვეღარ გაბედა, შეიძლება პატარა გოგონასგან ასეთ წინააღმდეგობასაც არ ელოდა და მეორედ ახლოს აღარ გამკარებია.

ხომ დიდი დრო გავიდა, ხომ უკვე დიდი ქალი ვარ, მაგრამ ის ტრავმა დღემდე მომყვება. მაშინაც მძიმედ გადავიტანე, შიში დამჩემდა, მეგონა, სახლში ვიღაც მოვიდოდა და ღამით რამეს დამიშავებდა. ბევრი ფობია მაქვს, რომელთა სათავეც იმ დაწყევლილი დღიდან მოდის. ძალიან არ მინდა, იმ კაცს ეს ყველაფერი შერჩეს. მინდა, დადგეს ისეთი დრო, რომ ვამხილო. მართალია, ახლა აღარ მუშაობს, საფრთხეს აღარავის შეუქმნის, მაგრამ მაინც არ მინდა, პატიოსანი პედაგოგის სახელით წავიდეს იმქვეყნად. ყველამ უნდა იცოდეს, რა ბოროტებაც იყო!"
sarkenews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა