უკანონო ჩაწერებზე დავალება არ გამიცია, ეს არის ბინძური პროპაგანდა არჩევნების წინ - გიორგი გახარია
ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ "ბინძური პროპაგანდის" აგორებასა და "ჭორაობაში" ადანაშაულებს.
ის მოქმედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა, სუს-ის სკანდალური ჩანაწერების საქმესთან სწორედ გახარია და მისი თანაგუნდელი - სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ დაკავშირებული.
"მე ასეთი დავალება - უკანონო ჩაწერა განახორციელეთ, არ გამიცია. იმ ადამიანების გვარებს, რომელსაც ასე უდიერად მოიხსენიებენ, ჩემი კოლეგების, ჩემი თანამებრძოლების, იმის ნახევარიც არ გაუკეთებიათ, რაც გაუკეთებია ამ ხალხს.
თანამდებობის პირები რომ ეწყობიან, პრემიერიდან დაწყებული, მერით და პარტიის თავმჯდომარით გაგრძელებული და ირიბ მინიშნებებს რომ აკეთებენ, ამას ჰქვია ბინძური, ნეგატიური პროპაგანდა, არჩევნების წინ. ერთადერთი რაც შეუძლიათ, ჭორაობა და მუქარა, ოღონდ ამ მუქარის არავის ეშინია.
შეიძლება, მეც ვყავარ სადღაც ჩაწერილი, მაგრამ აჩვენონ, ერთი ძალიან მაინტერესებს, რას აჩვენებენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 16 სექტემბერს, თქვა, რომ სუს-ის ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის გახარიას გუნდის წევრების ჩართულობის კუთხითაც.