თეგებით ძიება

"მირჩევნია, შენ დაგკარგო, ვიდრე მეზობელიო..." - ოჯახური ურთიერთობები

საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი პოსტი ვრცელდება:

"ჩემი ძმა უბანში თავისი ლოთობით იყო განთქმული. ფაქტიურად არ ფხიზლდებოდა, 24 საათი სვამდა. ამანაც იმსხვერპლა ბოლოს, ღვიძლმა ვერ გაუძლო...

მოკლედ, ასეთ ტიპს, რომელსაც არავინ სცემდა პატივს და ყველა ლოთბაზარას ეძახდა, მთელი ცხოვრება მონასავით ვემსახურებოდი. გაჭირვების წლები იყო თუ შედარებით დალხენილი, მას ეცვა ყველაზე მოვლილი ტანსაცმელი, შინ ელოდა დალაგებული სახლი და ნაირ-ნაირი კერძები. ასე მასწავლეს მშობლებმა, რომ ჩემი ნანატრი ძმისთვის მუდამ თვალებში შეციცინებული ვყოფილიყავი. ოჯახი არც ერთს გვყავდა და მით უმეტეს, მთელი ცხოვრება მის მსახურად ვიცხოვრე.

ისიც იფერებდა, სახლში მედიდურად დადიოდა, რამე თუ არ მოეწონებოდა, გინებით და შეურაცხყოფით მიკლებდა.
ერთხელ მეზობელმა ჩემი ძველებური კაკლის ხის ბუფეტი სთხოვა, მაჩუქეო. მას სთხოვა ჩემი ავეჯი, ხომ გესმით? დეიდაჩემის ნაჩუქარი იყო და ერთადერთი ნივთი იყო სახლში, რომელიც ძალიან მიყვარდა და თავისი სილამაზით ყველას აოცებდა.
დამადგა ჩემი ძმა და მეუბნება, დაცალე ეს ბუფეტი, მღებრიშვილებს უნდა ვაჩუქოო.

გავგიჟდი, ცხოვრებაში პირველად შევეპასუხე და ვუთხარი, რომ თუ ამას გააკეთებდა, მე სამუდამოდ დამკარგავდა.
მისი პასუხი არ გაინტერესებთ? - მირჩევნია, შენ დაგკარგო, ვიდრე მეზობელიო, მითხრა.

იმის მიუხედავად, რომ დიდად მისგან პატივისცემაში არ ვყოფილვარ, მაინც ძალიან მეწყინა. მთელი ცხოვრება ჩემი სახით მონა ჰყავდა და მისთვის გახვრეტილი გროშის ფასი მქონდა.

მოკლედ, იმ ბუფეტს ხელი ვერ ახლო, მაგრამ იმ დღიდან ჩემ მიმართ ბოღმა კიდევ მოემატა. მე კიდევ ვერსად ვერ მივდიოდი, რადგან მშობლების დატოვებული ბინა ეს იყო, მის სახელზე გაფორმებული, ისევ ჩემი თანხმობით...

აი ასეც ხდება ხოლმე. ახლა, როცა ცოცხალი აღარაა, იმდენი საზიზღრობა აქვს ჩემ მიმართ გაკეთებული, მაინც მახსენდება ხოლმე ეს ყველაფერი და ბრაზი მიპყრობს, ამ კრეტინს რატომ შევწირე მთელი ცხოვრება...".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა