გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებაზე მოულოდნელი იყო პრეზიდენტის განცხადება, რომ „გავრისკე“ - ახლა რისკის დრო ნამდვილად არ იყო - ვახტანგ ძაბირაძე
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„მოლოდინი პრეზიდენტის ბრიფინგზე გაცილებით მეტი იყო. მნიშვნელოვანი იყო არა იმდენად ქარტიაზე ლაპარაკი, არამედ ის, თუ რა მოხდა მოლაპარაკებებზე, ვგულისხმობ, გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკებას. რატომ ჩაიშალა მოლაპარაკება და როგორ იყო? გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო პრეზიდენტის განცხადება, რომ „გავრისკე“. რისკი შეიძლება გაწიო, მაგრამ რისკს რაღაც ფორმა უნდა ჰქონდეს და ჩარჩოებში ეტეოდეს. ახლა ამ რისკის დრო ნამდვილად არ იყო. გულწრფელად გითხრათ, მეგონა, რომ შავი სამუშაო შესრულებული იყო და უბრალოდ კეთდებოდა ის, რაც კეთდება ხოლმე ასეთ დროს. როდესაც პირველი პირები ხვდებიან ერთმანეთს, უკვე გამზადებულ, ფაქტობრივად შეთანხმებულ დოკუმენტზე ხდება ხელმოწერა. ვფიქრობდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო და თურმე პრეზიდენტს გაურისკავს, ძალიან ცუდად გაურისკავს თუ გარისკა.
ამან მოლოდინი გააჩინა. აქ ხომ საუბარი იმაზეა, რომ შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც ამომრჩეველს მიიყვანს არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ სურვილს გაუჩენს და იმედს გაუჩენს, რომ მართლა რეალურად რაღაც იცვლება. ეს მოლოდინი შეიქმნა და ეს მოლოდინი დამთავრდა ცუდად, რამაც იმედგაცრუება გამოიწვია პირველ რიგში ამომრჩეველში. ადამიანისგან, რომელსაც ამხელა დიპლომატიური გამოცდილება აქვს, ვფიქრობ ეს გაუმართლებელი იყო“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.