"მცდელობა იყო... რისკი ავიღე და არ გამოვიდა", - სალომე ზურაბიშვილი ჩაშლილ მოლაპარაკებებზე
"მცდელობა იყო... რისკი ავიღე და არ გამოვიდა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს ეხმაურება.
მისი თქმით, პარტიების გაერთიანება და კოალიციის გაფართოება საზოგადოების დაკვეთა იყო, აქედან გამომდინარე მსგავსი ინიციატივა "დროულიც იყო და აუცილებელიც", მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ჩაშლილი მოლაპარაკებებისა, ამ პროცესში პოზიტიური ცვლილებებიც მოხდა - პრეზიდენტის თქმით, "გახარია საქართველოსთვის და "ძლიერი საქართველო" არჩევნებში მონაწილეობას ცალ-ცალკე მიიღებენ, თუმცა გამოჩნდა, რომ ისინი ერთი მიზნისთვის იბრძვიან - "განწყობები შეიცვალა ამ პარტიებს შორის და ის, რაც გუშინ იყო შეუძლებელი, ნელ-ნელა ლბება და სამომავლოდ გამარტივდება თანამშრომლობა"
"არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო [მოლაპარაკებების ჩაშლა]. ალბათ ყველასი და არავისი... იმ წარსულის, რომელიც ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს ამ ქვეყანაში. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელის შემშლელია და იქნება ალბათ.." - ამბობს სალომე ზურაბიშვილი და განმარტავს: "2 მთავარი დამნაშავეა ამ ყველაფერში - ერთი მხრივ პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა მიჩნეულია სისუსტედ და მეორე - უნდობლობა, რაც გამძაფრებულია ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით".