თეგებით ძიება

"ვიღაცა რომ მზიდ კედელს აცლის კორპუსს და შენი საქმე არ გგონია, არც გაქვს მორალური უფლება, იმ დანგრეულ კორპუსთან სანთლებით იდგე" - ზვიად კორძაძე

ადვოკატი ზვიად კორძაძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ვიღაცა რომ მზიდ კედელს აცლის კორპუსს და შენი საქმე არ გგონია, არც გაქვს მორალური უფლება, იმ დანგრეულ კორპუსთან შემდეგ სანთლებით იდგე.

ვიღაცა რომ ცოლს სცემს მთელი ცხოვრება და შენი საქმე არ გგონია, ერთხელაც როცა გაიგებ, რომ ცემაში მოკლა, არ გაქვს მორალური უფლება, პანაშვიდზე მიხვიდე და ობლების ბედზე ცრემლები ღვარო.

კატალოზატორს რომ ამოუღებ მანქანას, არ გაქვს მორალური უფლება, ახლობელი კიბოთი რომ მოკვდება, იმის ოჯახს მიუსამძიმრო.
ვადაგასულ პროდუქციას რომ ახალ ვადას გადაარტყამ, არ გაქვს მორალური უფლება, ვირის ხორციანი შაურმა როცა ახლობელს მოგიწამლავს, აღშფოთდე და დასჯა მოითხოვო.

200-ით მანქანა რომ ჩაგიქროლებს შუა ქალაქში და პატრულში არ დარეკავ, არ გაქვს მორალური უფლება, ფეისბუკზე რომელიმე შემზარავი ავარიის ფოტო გამოფინო და გატეხილი გული და ცრემლები მიახატო.

ძაღლს რომ აწამებს ქუჩაში ვინმე და პატრულში არ რეკავ, არ გაქვს მორალური უფლება ვიშვიშებდე, როგორ სისასტიკით ჩაიდინა ვიღაცამ მკვლელობა და ასკვნიდე, რომ გაფუჭდა ხალხი.

სახელმწიფოს მოქალაქეები ქმნიან და არა საკუთარ სახლებში გამოკეტილი თვალ და ყურდახშული ინდივიდები.
სანთლები რომ ჩაიწვება, ჩათვალეთ რომ ვალი მოიხადეთ და მშვიდად დაიძინეთ …", - წერს კორძაძე.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი.შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა