თეგებით ძიება

"მე ვარ შვილი, რომელიც არ უნდა დაბადებულიყო... დედას ვთხოვე, ოთახი მომეცი-მეთქი ... რძალმა გამომიცხადა, გასათხოვარიც სტუმარი ხარ და გათხოვილიც სტუმარი იქნებიო" - ემიგრანტის მძიმე ისტორია

საზოგადოებრივი კამპანიის "მეც შვილი ვარ" ფეისბუქ გვერდზე მორიგი ისტორია ვრცელდება:

"ახლა 43 წლის ჭკვიანი, თავდაჯერებული, ლამაზი, შემდგარი, ბედნიერი ადამიანი ვარ. მიუხედავად განვლილი ცხოვრებისა, დაცემისა, წამოდგომისა, ჩემს გულში ერთი გრამი სიბოროტე არ არსებულა და არც იარსებებს, ისე წავალ ამ ქვეყნიდან. ჩემი ცხოვრების ისტორია ვიღაცისთვის იქნებ სტიმული იყოს, ვიღაც იქნებ დააფიქროს გადაწყვეტილების მიღებისას. მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ ყველა ადამიანს: შვილი უფლის საჩუქარია და თუ მისი სიყვარული არ შეგიძლიათ, ნუ მოავლენთ ამქვეყნად მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლები გახდეთ...

და ერთიც: დაუფიქრდით თითოეულ სიტყვას, რომელსაც ამბობთ, ამ ქვეყანაზე ყველაფერი რჩება, მხოლოდ ჩვენ ვტოვებთ, ამიტომ გიყვარდეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს...

,,ქეთიც ჩემი შვილია,, - ამ სიტყვებს ველოდე, რაც თავი მახსოვს, - აგერ 43 წლამდე. ტყუილად ველოდე. მხოლოდ ერთი რამე დავინახე ცხოვრებაში: მე ვარ შვილი, რომელიც არ უნდა დაბადებულიყო, შვილი, რომელიც თუ ძმას რაიმე მორჩებოდა, მერე შეიძლება, რაიმე ღირსებოდა. შვილი, რომელიც მუდამ სტუმარი ვიყავი სახლში, სადაც გავიზარდე - გასათხოვარიც, საქართველოში დაბრუნებულიც, გათხოვილიც და განქორწინებულიც. მე მუდამ სტუმარი ვიყავი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:
ერთ სახლში ვიზრდებოდით მე და ჩემზე 11 თვით უფროსი ძმა. ის იყო გვარის გამგრძელებელი, ოჯახის სიამაყე, უკარგესი ადამიანი. რაც თავი მახსოვს, აქედან მახსოვს ფრაზები: ,,შენ სხვისი ხარ, შენ უნდა წახვიდე, ეს არის ჩვენი". ანუ, დედასთვის არც ვარსებობდი.
ზოგადად, მე არც ვარსებობდი ოჯახში. ცარიელი ადგილი ვიყავი. ამიტომ სულაც არ კითხულობდნენ, სად რა წრეზე დავდიოდი, რას ვსწავლობდი, რა გადაღებებზე ვიყავი.

ასე გავიდა წლები. ამ პატარა, "მახინჯმა" გოგომ დავამთავრე სკოლა, მივიღე უმაღლესი იურიდიული განათლება, დავიწყე მუშაობა. არასოდეს არ შემიწუხებია ჩემი მშობლები და არც მათ უკითხიათ დიდად არაფერი...

ცხოვრება ისე წავიდა, მამამ ოჯახი დატოვა. დედამ ეს საშინლად განიცადა. ძმამ ცოლი მოიყვანა და მე, როგორც გასათხოვარი და, ვალდებული ვიყავი, რომ მას მატერიალურად დავხმარებოდი, რადგან ოჯახი ჰყავდა. ამას დედა მავალდებულებდა და მეც არ გამიპროტესტებია, რადგან ოჯახი ზუსტად ამისთვისაა, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ. დედაც ყველაფერს აკეთებდა, რომ თავის ბიჭს გვერდში დადგომოდა და ამან შედეგად მოიტანა ფინანსური პრობლემები. მახსოვს დედას შეშინებული სახე: რა ვქნა? რა გავაკეთო? როგორ მოვიქცეო?
ჩემმა ძმამ - მე არ მაინტერესებს და არ მეხებაო.

ამიტომ ავიღე ჩანთა და დავტოვე საქართველო. საკმაო ხანი ვიმუშავე ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მადლობა უფალს, ბოლო თეთრამდე ყველაფერი გადავიხადე.

ერთხელ როდესაც საქართველოში ჩავედი, დედას ვთხოვე, ის პატარა ოთახი მომეცი, გთხოვ, ჩემი საძინებელი იყოს-მეთქი... აი მაშინ პირველად, ჩემმა რძალმა მკაცრად გამომიცხადა, ამ სახლში გასათხოვარიც სტუმარი ხარ და გათხოვილიც სტუმარი იქნები, და რა ოთახს ითხოვო? მსგავსი რამ არ მოხდებაო.
დედა, რომელსაც ყველა პრობლემას ვუგვარებდი, დუმდა. ხმა არ ამოუღია და არ უთქვამს, ესეც ჩემი შვილიაო...

საღამოს ჩემს ძმას ვუთხარი, გავოცდი ეს რა რეაქცია ჰქონდა შენს ცოლს-მეთქი. მაშინ მეც, ჩემი ძმაც და რძალიც 26 წლისები ვიყავით. ძმამაც იგივე გამომიცხადა: რას ითხოვ და ვისას ითხოვო? დედა დუმდა. თუმცა დედას თუ როდესმე რაიმე სჭირდებოდა, მე უნდა მეზრუნა და არც ეს გამიპროტესტებია, რადგან ვთვლიდი, რომ ვალდებული ვიყავი - დედა იყო...

როდესაც დავბრუნდი საქართველოში, რა თქმა უნდა, ჩემი სახლი ვიყიდე. თუ რამის საშუალება გაქვს, ცალკე წადიო, გამომიცხადეს და წავედი.
შევქმენი ოჯახი, რომელიც 3 წელიწადში დამენგრა.

აღმოაჩნდა ჩემს ძმას მძიმე დაავადება. ვუვლიდი. პამპერსსაც ვუცვლიდი და მორფსაც ვუკეთებდი.
ამ ხნის მანძილზე მუდმივად ვეხმარებოდი ოჯახს და ვზრუნავდი დედაზე. ის მუშაობდა, მაგრამ ზრუნვა მაინც სჭირდებოდა. თანხა, რომელიც მე დავფარე ასეთი მძიმე მუშაობით, არავის ახსოვდა.

ერთ საღამოს, ვსხედვართ მე და ჩემი რძალი, რომელმაც გამომიცხადა, რომ სანამ ჩემი ძმა მოკვდებოდა, ნოტარიუსთან იყო, გაარკვია, რომ მეც მემკვიდრე გამოვდივარ. ამიტომ, როგორც კი დედა გარდაიცვლებოდა, წავიდოდი და ჩემს სამკვიდრო წილზე უარს ვიტყოდი, მისი გოგონას სასარგებლოდ.
ისეთი განადგურებული ვიყავი ამ დროს... ჯერ ჩემი ძმის 40 დღე არ იყო გასული... ოჯახი - დანგრეული... უბრალოდ ვფიქრობდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება 3 წლის ბავშვთან ერთად, რადგან ცხოვრებაში სულ მარტო ვიყავი...

არ მიმიქცევია ყურადღება. რეაქციაც არ მქონია. ცხოვრება გრძელდება და მეც შევუდექი ჩემს ცხოვრებას, როგორც მარტოხელა დედა. დედა წამოვიყვანე ჩემს სახლში. დავტოვე ჩემი შვილი და ქვეყანა, რადგან მივიღე კარგი შემოთავაზება.

ერთი წლის წინ დედა მეუბნება, მე და შენი შვილი რომ მოვდივართ აქ, რძალი და შვილიშვილი წუხდებიან, ამიტომ ჩვენ ცალკე ოთახი გაგვირემონტეო. და აი ეს რომ გაიგო ჩემმა 16 წლის ძმისშვილმა, მაშინ დაიწყო შეურაცხყოფები და ჩემი ლანძღვა საქართველოდან. ამ ერთი ციცქნა ბავშვმა, რომელიც საკუთარი შვილისგან არასოდეს გამირჩევია, კარგად გემრიელად შეურაცხმყო. დედა ისევ დუმს. მთელი საღამო ვისმინე დამამცირებელი სიტყვები, რომ რამის ღირსი რომ ვყოფილიყავი, დედა მომცემდა, თუნდაც მიწის პატარა ნაკვეთს და უფლებას არ მომცემდა, მე მეყიდა, რომ უნდა შევიგნო, ღირსი არ ვარ, და დედა ისევ დუმდა და დუმდა.

რაც ძმისშვილმა დამაკლო, მეორე დღეს რძალმა დამიმატა და მკაცრად გამომიცხადა: შენ ვერ გაიგე რომ გასათხოვარიც და გათხოვილიც სტუმარი იყავი და ხარ, ვერ ეღირსები, ამ სახლში (დიდი, ორსართულიანი სახლია), ან შენი სახელი და ან შენი შვილის სახელი ოთახს დაერქვასო. დედა დუმდა.
რა დამემართა? - ველოდე, ისევ ტყუილად ველოდე, რომ იტყოდა, ეს გოგოც ჩემი შვილიაო...

შემდეგ დავრეკე და ერთადერთი შეკითხვა დავუსვი დედას, ოდესმე 17 წლის მანძილზე რაიმე გდომებია და შენ ჩემგან უარი მიგიღია-მეთქი? - არაო, მიპასუხა. მე შენი შვილი არ ვარ, მე არაფერი მეკუთვნის მეთქი? - არ ვიცი, მე მაგაზე არასოდეს მიფიქრიაო. შენ კი მიკეთებდი, მაგრამ მეც თუ ოდესმე ვალდებული ვიქნებოდი რაიმეთი შენს წინაშე, არ მიფიქრიაო.

მერე? მერე დავჯექი და მთელი კვირა ამ უცხო ქვეყანაში ვიტირე. ბევრი ვიტირე. რაც მტკიოდა, სულ დავიცალე.
დედა ისევ ჩემთან ცხოვრობს. მე ვზრუნავ მასზე. უბრალოდ ჩვენს შორის ყველაფერი მოკვდა. მივხვდი, რომ თურმე არ ვყოფილვარ ვალდებული, მეზრუნა დედაზე.

თურმე არ უნდა იზრუნო ძმის ოჯახზე, ძმისშვილზე.
ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ მათთვის მხოლოდ პლასტიკური ბარათი ხარ.
და სულ მიკვირს ერთი რამ. დედასაც ვკითხე: რა არის ჩემი ბრალი? რა დავაშავე? ის, რომ გოგოდ დავიბადე?
P.S. მე ვარ ბავშვი, რომელიც არ უნდა დაბადებულიყო, მაგრამ მომავლინეს ამ ქვეყანას. მე ვარ შვილი, რომელიც მამამ მიატოვა, მე ვარ შვილი, რომლიც ოჯახში სტუმრად გამოაცხადეს, მე ვარ შვილი, რომელიც დედაზე და ოჯახზე მუდამ ზრუნავდა, თუმცა დედა არ მაღიარებდა. მე ვარ ქალი, რომელსაც ქმარმა უღალატა. მე ვარ ძლიერი ქალი. ბედნიერი დედა. დაიმახსოვრეთ: არასოდეს გაივლოთ გულში ბოროტება. არ გაჩერდეთ, წინ იარედ ცხოვრებაში. იყავით მართლები საკუთარ სინდისთან და უფალთან.

მშობლებო, ნუ გაზრდით შვილებს ამ შეგნებით, რომ ბიჭი თქვენია და გოგო მიდის. არავის არაფერში არ ვადანაშაულებ. ასე გაიზარდა ჩემი ძმა. ასე დახვდა მდგომარეობა რძალს და ასე იცოდა ძმისშვილმა, რომ გასათხოვარი მამიდა სტუმარია. ასე მშობელმა დააყენა მდგომარეობა".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა