შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - ვიდეო
სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ფაქტზე დაკავებულია 2 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში დააკავეს თ.ღ., რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
რაც შეეხება მეორე პირს - 1989 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ რ.მ.-ს, იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი 2 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.