სახალხო დამცველი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, გუშინ, ნახიდურში, ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაიღუპა. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს ამ ურთულეს დროს. ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა. ყველა ბავშვს აქვს ფუნდამენტური უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც მოიცავს უსაფრთხო გზებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, პრიორიტეტი მიანიჭონ საგზაო უსაფრთხოების ზომების დანერგვასა და აღსრულებას, მათ შორის შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობას, სიჩქარის შეზღუდვას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები. მნიშვნელოვანია, მედიამ გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მიმდინარე ტრაგედიის გაშუქებისას, არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და სიძულვილის ენა. სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს შემთხვევის მონიტორინგს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მარნეული-ბოლნისის გზაზე გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა. მომხდარს ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან, შსს-მ სოფელ ნახიდურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე.