„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, თბილისსა და ბათუმში 3 პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისა და სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ქ. (მეტსახელად „დათო ტბილისკი“), 1961 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. და 1978 წელს დაბადებული ი.კ.
„კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დ.ქ., საკუთარი და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების სახელითა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული გარჩევის“ გზით, დაშინებითა და მუქარით ცდილობდა პირადი, ასევე, „ქურდული სამყაროსთვის“ მატერიალური სარგებლის მიღებას. იგი გ.ლ.-ისა და ი.კ.-ის, ასევე 1997 წელს დაბადებული რ.მ.-ის დახმარებით დაუკავშირდა ბათუმში მოღვაწე ბიზნესმენს – 1977 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებითა და ქონების განადგურებით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ვიდეო-აუდიო გადაღება განახორციელეს, რის შედეგადაც ბრალდებულებისა და მათი თანამზრახველის – რ.მ.-ს დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.
რაც შეეხება რ.მ.-ს, მისი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე პრიმა-3 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულები სამიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს შესაბამის ვიდეომასალასაც ავრცელებს.