თეგებით ძიება

"მიშა-2 შეიძლება უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე 2004-12 წლების მოდელის მიშა" - გია ნოდია

პოლიტოლოგი, გია ნოდია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და მასში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლს, სოციალურ ქსელში აანალიზებს:

"გუშინდელ დიდ მიტინგთან დაკავშირებით ზოგი შფოთავს, რომ წრეზე ვტრიალებთ. თუ ბიძინას ერთპიროვნული მმართველობა დასრულდა, ის სხვა ერთპიროვნული მმართველობით შეიცვლება - ისევ მიშასი. რა გვიხარია? სულ ერთი არ არის?

ზოგადად მეც ვთვლი, რომ ოცდაათი წელი, გარკვეული აზრით, წრეში ვიტრიალეთ და გვაქვს საფრთხე, ასე გავაგრძელოთ. ერთ სუპერ-ლიდერს ვანაცვლებთ მეორით და მერე ვჩივით, რატომ ვერა გვაქვს დემოკრატია. კანონიერი წუხილია.

მეტსაც ვიტყვი: მგონია, რომ მიშა-2 შეიძლება უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე 2004-12 წლების მოდელის მიშა. სულ მცირე, დასავლეთთან ურთიერთობა საკმაოდ გაურთულდა და თუ ორბანის და კაჩინსკის გარდა იქით მეგობარი არ დარჩა (ახლა ასეა), ეს პრობლემებს გვიქადის.

მაგრამ ეს ზოგადი მსჯელობაა. ე.წ. „სრულფასოვანი“ დემოკრატია როგორი უნდა იყოს, ამაზე მეც მაქვს რაღაც წარმოდგენა. ამ თემაზე ხანდახან ლექციებსაც ვკითხულობ. ახლა უნდა ამოვიდეთ იმ არჩევანიდან, რაც გვაქვს.

პირველ რიგში, წრეზე ტრიალი ცუდია, მაგრამ გაცილებით უკეთესია, ვიდრე აზერბაიჯანულ-ბელარუსულ-რუსული ტიპის სტაბილიზებული ავტორიტარიზმი. თუ ბიძინა კიდევ დიდხანს დარჩა, მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ მისი რეჟიმი ამ მოდელისკენ გადაიხარა. იმედი მაქვს, ამას ვერ შეძლებს, მაგრამ სხვანაირად ვერ გაძლებს. ამასთან შედარებით, თუნდაც „ცუდი მიშას“ დაბრუნება ბევრად ჯობია.

მეორეც, ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო ბიძინას და მიშას გათანაბრება, თითქოს ორივე ერთნაირად მიუღებელია. შეიძლება, ორივე მიუღებელი იყოს, მაგრამ ერთნაირად - არა. განურჩევლობა ექსტრემისტული შუაშიზმის გამოვლენად მიმაჩნია, ის განსხვავების აგრესიულ არდანახვაში მდგომარეობს.
„ნაციონალური“ ხელისუფლება, მთელი თავისი ნაკლოვანებებით, მორალურად, ინტელექტუალურად, რაც მთავარია, თავისი შედეგებით, ერთი თავით მაღლა იდგა „ოცნებისაზე“. "ფრიდომ ჰაუსის" რეიტინგები მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთადერთი საზომი არ არის. იმ ხელისუფლებამ ქვეყანა განვითარებით თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა. "ოცნებას" პრეტენზიაც კი არა აქვს რაიმის მიღწევაზე, გარდა იმისა, რომ „ნაციონალები“ გაყარა და უკან აღარ უშვებს. ბიძინას არასოდეს ჰქონია სხვა დღის წესრიგი, გარდა იმისა, რომ ქვეყანა პირად „დაჩად“ ჰქონოდა.

რაც მთავარია, ბიძინას დამარცხების შემთხვევაში მიშას ერთპიროვნული მმართველობის დაბრუნების შანსი კი არსებობს, მაგრამ მგონია, რომ ის არც ისე დიდია. ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. საზოგადოების გამოცდილება და განწყობა, კანონმდებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ, იცვლება. მიშას ჰყავს ფანატიკოსი მომხრეები, მაგრამ ისეთი ეიფორია, რაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მის მიმართ არსებობდა, შეუძლებელია დაბრუნდეს. ცხადია, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ შეიძლება, მიშაფობიით ზედმეტად შეპყრობილები ცდებოდნენ. შეუძლებელია, წინასწარ ზუსტად ვიცოდეთ, რა როგორ მოხდება.

ასე რომ, მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტას ნუ ვიჩქარებთ. ამ ეტაპზე არსებობს ის პოლიტიკური ძალები, რაც არსებობს და უნდა ამოვიდეთ იქიდან, რა არის შესაძლებელი დღეს", - წერს ნოდია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა