თეგებით ძიება

ქვეყანა მზად არ არის იმისთვის, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რამე მოხდეს - მანანა ქოჩლაძე

რამდენიმე დღეა, ცენტრალური ევროპის დიდი ნაწილი ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს ებრძვის. ავსტრიაში, ჩეხეთში, პოლონეთსა და რუმინეთში ექსტრემალურ ამინდს უკვე 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 000-მდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სანამ ევროპა წყალდიდობას ებრძვის, სამხრეთ აფრიკაში ბოლო ათწლეულების უძლიერესი დიდთოვლობაა. თოვა 21 სექტემბერს დაიწყო და ზოგ მონაკვეთში თოვლის საფარის სიმაღლემ 2 მეტრს მიაღწია. ჰიპოთერმიას უკვე 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული არასასურველი შედეგები ჩვენს ქვეყანაზეც მტკივნეულად აისახება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფის სიხშირე და გავრცელების გეოგრაფია. 1995-2008 წლებში კატასტროფების შედეგად საქართველომ 1,3 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ზარალი განიცადა. სტიქიის შედეგად დაზარალდა 700 ათასამდე ადამიანი, მსხვერპლთა რაოდენობამ კი 1000-ს მიაღწია. 

2023 წლის 3 აგვისტოს, შოვის ტერიტორიაზე ჩამოწოლილ მეწყერს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსახვერპლა. ტრაგედიას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სამძიმრის წერილით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ შოვში განვითარებული მეწყერი კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ მკვეთრი შეხსენებაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესამცირებლად, ამის გასარკვევად TIA.GE გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარეს, მანანა ქოჩლაძეს დაუკავშირდა:

-  ასეთი რისკების შესამცირებლად ქვეყანას უნდა ჰქონდეს კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძებების გეგმა, რომელიც ქვეყანას არ გააჩნია. საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ კლიმატის ცვლილებებს ვერაფერი შეაჩერებს და ამიტომ გვაქვს ის, რასაც ვხედავთ. კი ბატონო, გარკვეული სტიქიური მოვლენები ყველა ქვეყანაშია, მაგრამ მათ წინააღმდეგ გარკვეული ქმედებები ხორციელდება. მაგალითად, წყალდიდობის დროს ავსტრიაში არავინ დაღუპულა და ყველაფერმა გამართულად იმუშავა. მსოფლიოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს, მაგრამ ეს პრობლემები გუშინ არ გაჩენილა, შესაბამისად, ჭკვიანი მთავრობები ემზადებიან, უჭკუო მთავრობები კი გაეროში დადიან და ლაპარაკობენ, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში მოწინავეები არიან.

- ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ყოველი წვიმის დაწყებას შიშით ელიან, აინტერესებთ ეკოლოგები შექმნილ ვითარებაში გამოსავალს რაში ხედავთ? 

- ჩვენ არანაირი გამოსავალი არ გვაქვს. ეს გამოსავალი მთავრობის დონეზე უნდა მომზადდეს. ეკოლოგებს არც გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, არც ადამიანების გასახლება, არც მდინარეებიდან ქვიშა-ხრეშის ამოღების შეჩერება და ა.შ. შესაბამისად, თუ მთავრობა არ დაიჯერებს, რომ კლიმატის ცვლილებას მართვა სჭირდება, არაფერი არ იქნება. ფულს იმაზე არ იძლევიან, რომ კვლევები იმ დონეზე ჩატარდეს, რა დონეზეც საჭიროა, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს, იმ მეცნიერებს დასცინიან და ჩვენ რა უნდა მოვიფიქროთ? ჩვენ რაც უნდა მოგვეფიქრებინა, დიდი ხანია იციან. არსებობს მშვენიერი გაიდლაინები, მაგრამ არაფერს აკეთებენ, შესაბამისად, ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავცემთ გარდა იმისა, რომ ქვეყანა მზად არ არის იმისთვის, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რამე მოხდეს. ბევრი რამის  გაკეთება შეიძლება, მაგრამ ეს მთავრობიდან იწყება. ხალხმა მთავრობას ადგილობრივ დონეზე უნდა მოთხოვოს, ცენტრალურ დონეზე უნდა აირჩეს ის მთავრობა, რომელიც იმას კი არ იტყვის, რომ კლიმატის ცვლილებას მსოფლიოში ვერავინ ებრძვის, არამედ დავგპირდება, რომ ამ საკითხების გადაჭრაზე ჩვენთან ერთად იმუშავებს. მთელი რიგი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ცდილობენ, რომ რაღაც გააკეთონ, მაგრამ მარტო მათ არაფერი გამოუვათ. საჭიროა ერთი მხრივ, მომზადება და მეორე მხრივ, თანხების გამოყოფა, რომ კვლევები იქნება თუ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, დაწყებამდე შესაბამისი კვლევები ჩატარდეს. ამას ქვია ქვეყნის მართვა, ჩვენ ახლა ქვეყნის მმართველობა არ გვაქვს, შესაბამისად, ვართ ისე, როგორც ვართ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა