თეგებით ძიება

მკვლელი საბჭოთა კორპუსები - ის რაც აუცილებლად უნდა იცოდე!

თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი საბჭოთა დროს აშენებულ პანელის ან ასაწყობი კონსტრუქციების გამოყენებით აგებულ კორპუსებში ცხოვრობს. მასობრივი საბინაო მშენებლობა, რომელიც 1950-იანი წლების ბოლოდან დაიწყო და 1990-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა, დედაქალაქის იერსახე ძლიერ შეცვალა. მასობრივი სოციალური საბიანო მშენებლობები იწარმოებოდა მაქსიმალურად იაფად და მოკლე ვადებში. სტანდარტული კორპუსების სერიები მოსკოვის მიერ მტკიცდებოდა. პირველი პროექტები იყო ე.წ. "ხრუშჩოვის" სერიის 4-5 სართულიანი საცხოვრებელი სახლები. 1970 წლამდე ამ ტიპის ასობით სახლი აშენდა თბილისის სხვადასხვა უბანში, განსაკუთრებით ახალ მასივებში: საბურთალოსა და დიღომში. მათი ექსპლუატაციის ვადა თავდაპირველად 25 წლით განისაზღვრა, მოგვიანებით კი 50 წლამდე გაიზარდა. დღეისთვის მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და დიდი ნაწილი სერიოზულ სამუშაოებს ან დემონტაჟს ექვემდებარება. "ხრუშჩოვკების" კედლები ძალიან თხელი და უხარისხო იყო, არანაირი უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და უკიდურესად მცირე ფართის ბინებისგან შედგებოდა. 

1960-იანი წლების მეორე ნახევრიდან 8-9 და 14 სართულიანი კორპუსების მასობრივი მშენებლობა იწყება. აგურითა და მასიური ასაწყობი ბლოკებისგან შემდგარი მრავალსართულიანი შენობები, მართალია სჯობდა ხრუშჩოვკებს, თუმცა ჰქონდათ სერიოზული პრობლემები: ცუდი თბოიზოლაცია, ნესტისადმი მოწყვლადობა, ერთფეროვანი და არაესთეტიკური იერსახე. 

1970-1980-იან წლებში აშენებული ახალი მიკრორაიონები: თემქაზე, მუხიანსა და გლდანში.

დროთა განმავლობაში იხვეწებოდა სამშენებლო სტანდარტები, თუმცა ქვეყანაში გამეფებული კორუფცია ძირს უთხრიდა სამშენებლო ხარისხსა და უსაფრთხოებას. მოქალაქეების ბინებით დაკმაყოფილების გადაუდებელმა საჭიროება სწრაფი და უხარისხო მშენებლობების მიზეზი გახდა. 

აღსაღნიშნავია, რომ სწორად არ იყო გათვლილი ქვეყნის სეისმური საფრთხეები. 1991 წლამდე კორპუსები 7 ბალზე იყო გათვლილი (არაუმეტეს 6.0 მაგნიტუდა). იმ ფონზე, როდესაც თბილისი 8-9 ბალიან (6-7 მაგნიტუდის) მიწისძვრათა რისკის ზონაშია და აგრეთვა გამოირჩევა მოწყვლადი გრუნტით. 2002 წელს თბილისის მიწისძვრამ, რომლის სიმძლავრეც მხოლოდ 4.8 მაგნიტუდა იყო ქალაქი დააზიანა და 7 ადამიანი იმსხვერპლა. საბჭოთა მშენებლობის სრული კრახი აჩვენა 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრამ. სომხეთში 6.7 მაგნიტუდის ბიძგებმა თითქმის სრულად გაანადგურა 3 ქალაქი (სპიტაკი, ლენინაკანი, კიროვაკანი). დაიღუპა სულ ცოტა 38,000 ადამიანი, უსახლკაროდ კი 514,000 ადამიანი დარჩა. მიწისძვრამ ძლიერი ზიანი მიაყენა ეპიცენტრიდან 80 კილომეტრის რადიუსზე მდებარე ყველა დასახლებას. 

საბჭოთა შენობების დიდი ნაწილი დღესაც ამორტიზებული და საფრთხის შემცველია. ისინი საჭიროებენ გამაგრებას/ჩანაცვლებას/დემონტაჟს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ საბჭოთა პანელის შენობები გამანადგურებელი შედეგების მომტანია და ისინი არ შეესაბამებიან თანამედროვეობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა