Adidas-მა გადამუშავებული პლასტმასისგან სპორტული ფეხსაცმელი შექმნა
რამდენიმე წლის წინ საერთაშორისო ბუნების დამცველმა ორგანიზაცია „გრინპისმა“ Adidas - ი გარემოს დაბინძურებაში დაადანაშაულა. სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა კომპანიამ ბრალდებები სერიოზულად მიიღო და ახლახან საზოგადოებას ზღვიდან ამოღებული პლასტმასისა და ძველი სათევზაო ბადეებისგან დამზადებული სპორტული ფეხსაცმლის იდეა წარმოუდგინა.
ინოვაციური იდეის განხორციელებისთვის Adidas-მა ეკოლოგიურ ორგანიზაციასთან — Parley For The Oceans-თან თანამშრომლობა დაიწყო. მათ ერთად შექმნეს ფეხსაცმლის მოდელი, რომელიც თითქმის მთლიანად გადამუშავებული პლასტმასისგან და ზღვის ნარჩენებისგან, ძირითადად, სათევზაო ბადეებისგან შედგება. სათევზაო ბადეები ოკეანეების დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, ამიტომ მათი გადამუშავება და სასიკეთო მიზნებისთვის გამოყენება ეკოსისტემების აღდგენას დიდ დახმარებას გაუწევს.
იმის წარმოსადგენად თუ რა მასშტაბების პრობლემასთან გვაქვს საქმე, საკმარისია გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ეკო-აქტივისტებმა 6 თვის მანძილზე დასავლეთ აფრიკის სანაპიროებთან ზღვიდან 72 კილომეტრი ბადე ამოიღეს!
Adidas-ის ახალი სპორტული ფეხსაცმლის ზედა ნაწილი მთლიანად გადამუშავებული პლასტმასისა და სათევზაო ბადეებისგან არის დამზადებული, ხოლო ფეხსაცმლის ძირის შესაქმნელად სხვა, უფრო გამძლე მასალები გამოიყენეს. ჯერჯერობით გაურკვეველია, შევა თუ არა ეს კონკრეტული მოდელი სერიულ წარმოებაში, თუმცა კომპანია აცხადებს, რომ მომავალი წლიდან თავის პროდუქციაში გადამუშავებული მასალების უფრო ფართო გამოყენებას გეგმავს.
სხვათაშორის, Adidas არ არის პირველი, ვისაც პლასტმასის ნარჩენებისგან ფეხსაცმლის შექმნის იდეა გაუჩნდა. ბრიტანელმა ენთუზიასტთა ჯგუფმა გადაწყვიტა შეექმნა დიზაინერული კედები, რომლებიც, მათი თქმით, იმდენად გამძლე იქნება, რომ რამდენიმე თაობას მოემსახურება. მათი თქმით, საკმარისია უბრალოდ მეტი ნარჩენი შეაგროვო და საქმეს შეუდგე — შედეგი კი მართლაც მშვენიერია.