რა უნდა იცოდეთ, თუ ინტერიერის სოფლის სტილში მოწყობა გინდათ - რატომ არის „ქანთრი“ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული
ქალაქური ბინის ქანთრის სტილში მოწყობამ შეიძლება თქვენი ოცნება სოფლის მყუდრო სახლზე სინამდვილედ აქციოს. ეს სტილი იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეიძლება თანამედროვე ინტერიერსაც შეერწყას და ყველაზე პრეტენზიული გემოვნება დააკმაყოფილოს.
ქანთრი კლასიკურ სილამაზეს და სოფლის ცხოვრების უბრალოებას აერთიანებს. სწორედ სითბოსა და ბუნებრიობის გამოა ის დღემდე მსოფლიოში პოპულარული. სიტყვა „ქანთრი“ ინგლისურად სოფელს ან ქვეყანას ნიშნავს, შესაბამისად ეს სტილი სოფლის ატმოსფეროს ასახავს, მაგრამ ყოველთვის ეროვნული ელფერის გათვალისწინებით. ევროპაში „ქანთრი“ გასული საუკუნის 20-30-იან წლებში გავრცელდა, თუმცა ტერმინი ბევრად ადრ, მე-19 საუკუნის ამერიკაში გაჩნდა, როცა საჭირო გახდა ისეთი ინტერიერის აღნიშვნა, რომელიც სოფლის სახლის ატმოსფეროს ასახავდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ქალაქური სახლების ინტერიერების სოფლის სახლების მსგავსი სტილით გაფორმება.
ინდუსტრიული პროგრესის ფონზე, როცა ქალაქები სწრაფად იზრდებოდნენ და ვითარდებოდნენ, ბევრი ადამიანი სოფელში გატარებულ ბავშვობას იხსენებდა და ნოსტალგია ეუფლებოდა. ამას მოჰყვა ის, რომ შეძლებულმა მოქალაქეებმა ქალაქგარეთ სახლების აშენება და საკუთარი გემოვნებით მათი მოწყობა დაიწყეს.
თანამედროვე ქანთრის სტილი
თანამედროვე, ქაოსურ სამყაროში ქანთრი კვლავ მშვიდ და გაწონასწორებულ სოფლურ ცხოვრებას გვახსენებს. ქანთრი ეხმარება ადამიანს სოფლის ტრადიციები და ბუნებასთან კავშირი შეინარჩუნოს, ამიტომ ბევრი ოცნებობს სახლში ისეთ გარემოზე, რომელშიც ქალაქის დამღლელი ატმოსფეროს შემდეგ დამშვიდებას და განტვირთვას შეძლებს.
ეს მიმართულება ასევე შესაფერისია აგარაკის სახლისთვის. ის საშუალებას გაძლევთ ბავშვობის მოგონებების სამყაროში ჩაეფლოთ და ბუნებასთან კავშირი შეინარჩუნოთ. თუ ინტერიერი სოფლის სტილში მოწყობა გინდათ, ქანთრის სტილის მიმდინარეობებს და თავისებურებებს უნდა გაეცნოთ.
ინგლისური ქანთრი
ინგლისური ქანთრი მე-20 საუკუნის დასაწყისში განვითარდა. ის ელეგანტურობასა და მოკრძალებულობას, დახვეწილობასა და უბრალოებას აერთიანებს. ინგლისური ქანთრის სტილის სახლი ყოველთვის მყუდრო და ჰარმონიულია. ასეთ სახლში ავეჯი დამზადებულია მუქი ხის ძვირფასი ჯიშებისგან და ხშირად თაობიდან თაობას გადაეცემა. ქსოვილის ფერებში წითელი, მწვანე და ყავისფერი ფერები დომინირებს. ინტერიერში ხშირად გვხვდება კედლის სურათები და ფაიფურის ფიგურები.
ამერიკული ქანთრი
ამერიკული ქანთრის სტილი არა სოფელში, არამედ ქალაქგარეთ მდებარე, მდიდრულ აგარაკებზე დაიბადა და ევროპული, აფრიკული და ამერიკული ტრადიციები გააერთიანა. ამ სტილის დამახასიათებელი თვისებებია სიმკაცრე და უბრალოება, ფუფუნება და თავშეკავება და რა თქმა უნდა, მაქსიმალური კომფორტი. ამერიკული ქანთრი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ამერიკა.
ამერიკული სტილის აუცილებელი ელემენტებია ხის ბოძები ჭერში და ბუხარი. ავეჯი მასიური და მტკიცეა, რბილ ავეჯზე ხშირად გამოიყენება ტყავი. ამერიკულ სტილში ხშირად სამზარეულოს, მისაღები ოთახისა და შემოსასვლელის სივრცე გაერთიანებულია.
იტალიური ქანთრი (ტოსკანური სტილი)
ეს სტილი მე-20 საუკუნის შუა წლებში გაჩნდა. ის დახვეწილობით გამოირჩევა. იტალიური ქანთრის ინტერიერში გვხვდება პანოები და კერამიკული ფილები სამზარეულოში, ბუნებრივი ქვის იატაკი და პასტელურ ფერებში შეღებილი, ოდნავ მოძველებული კედლები.
გერმანული ქანთრი
პრაგმატულობა და რაციონალიზმი გერმანელების დამახასიათებელი თვსებებია და ბუნებრივია, ეს გერმანულუ ქანთრის სტილშიც აისახა. ინტერიერში ხის მასალების სიუხვეა, ფერები ძირითადად ბუნებრივია და მთავარი აქცენტი კომფორტსა და პრაქტიკულობაზეა გადატანილი.
ფრანგული ქანთრი — პროვანსი
პროვანსი — ეს არის სინაზე, უბრალოება, მყუდროება და სოფლური გულწრფელობა. სტილი საფრანგეთის სამხრეთში, პროვანსის პროვინციაში დაიბადა. მისი მთავარი ფერებია: იასამნისფერი, იისფერი და ყვითელი. ავეჯი უმეტესად მსუბუქი ხისგანაა, ხშირად ვინტაჟური ან ოდნავ გაცვეთილი. ინტერიერში მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით ქსოვილი და სინათლე.
სკანდინავიური ქანთრი
ყველასთვის ცნობილი გამოთქმა - „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“ ყველაზე მეტად სკანდინავიელებს შეეფერება. ისინი ყოვეთვის ცდილობდნენ მყუდრო და საიმედოდ დაცული საცხოვრებელი შეექმნათ, სადაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს გაატარებდნენ.
სკანდინავიური ქანთრი თეთრ ფერს და ბუნებრივ მასალებს ეფუძნება. ამ სტილში სივრცე უნდა იყოს სუფთა, ნათელი და თავისუფალი. ხის იატაკი და მინიმალისტური დეკორი ერთდროულად სიმყუდროვისა და ფუნქციურობის განცდას ქმნის.
სჯანდინავიურ ქანთრიში მცირე რაოდენობით დეკორი გამოიყენება, რადგან სივრცეს „სუნთქვა“ სჭირდება. მასალა მხოლოდ ბუნებრივი უნდა იყოს - სინთეტიკა და პლასტიკატი აკრძალულია.
დასკვნა
ქანთრის სხვადასხვა ვერსიები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ მათი საერთო ნიშანი ბუნებრიობაა. თანამედროვეობამ ქანთრი ტექნოლოგიური ელემენტებით გაამდიდრა, თუმცა მისი ძირითადი იდეა - თბილი, შინაური გარემო უცვლელი დარჩა. დღეს ქანთრის სხვადასხვა მიმდინარეობებიც არსებობს: ორიგინალური, თანამედროვე და მინიმალისტური. განსაკუთრებულ შრომას მოითხოვს ორიგინალური ქანთრი, სადაც დაშვებულია მხოლოდ ბუნებრივი მასალების გამოყენება.
თუ ბიუჯეტი შეზღუდულია, ბუნებრივი მასალების იმიტაციებიც გამოიყენება, მაგალითად, ნამდვილი ხის იატაკის ნაცვლად შესაძლებელია ხარისხიანი პარკეტის გამოყენება, რაც სტილს არ დააზარალებს, თუ საერთო ჰარმონია შენარჩუნებული იქნება.