თეგებით ძიება

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

"სახალხო დამცველი უსამძიმრებს 14 ოქტომბერს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის დროს დაღუპულ პატიმართა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სამძიმარს ვუცხადებთ N17 დაწესებულების თითოეულ პატიმარსა და თანამშრომელს.

სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში, ვიმყოფებოდით N17 პენიტენციურ დაწესებულებაში. დავრწმუნდით, რომ ხანძრის დროს დაშავებული კიდევ ორი პატიმარი უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო დახმარებით. გავესაუბრეთ როგორც პატიმრებს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დავათვალიერეთ შემთხვევის ადგილი (დაწესებულების სამზარეულოსა და სასადილოს შენობა).

დღის მანძილზე პატიმრები შეუფერხებლად სარგებლობდნენ ოჯახის წევრებთან სატელეფონო კავშირის უფლებით, მიეწოდებოდათ საკვები, თითქმის მთელ დაწესებულებაში სრულად აღდგა ელექტრომომარაგება.

მიღებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდოდ არ არსებობს სახანძრო-უსაფრთხოების წესები და კრიტიკულ შემთხვევებზე რეაგირების მკაფიო ინსტრუქციები. გამოჩნდა, რომ ცეცხლის კერის გაჩენის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში იქმნება ხანძრის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებისა და პატიმართა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკი. მიღებული ინფორმაციის თანახმად, არ ხდება სახანძრო-უსაფრთხოების ხარისხის გეგმიური თუ არაგეგმიური მონიტორინგი. სხვადასხვა შენობების (მაგ., სამზარეულო, საცავები) სამშენებლო მასალების შერჩევისას სავარაუდოდ, არ ხდება ცეცხლგამძლეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინება.

აუცილებელია, პატიმართა საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის გაჩენისა თუ დაკვამლიანების გავრცელების შემთხვევაში, არსებობდეს კორპუსების სწრაფი ევაკუაციის ეფექტიანი გეგმა. ასევე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლო მდებარე შენობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საცხოვრებელ კორპუსში მყოფი პატიმრების დაკვამლიანების ინტოქსიკაციისგან დაცვის მკაფიო ინსტრუქცია.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ N17 დაწესებულების ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში მიიჩნეოდა საფრთხის შემცველად უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაშიც მათ შორის, ხანძრის გავრცელების რისკები მოიაზრებოდა.

სახალხო დამცველის აპარატი დეტალურად შეისწავლის პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო-უსაფრთხოების პროტოკოლების არსებობისა და ეფექტიანობის საკითხს. ასევე, ყურადღებით დააკვირდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე გამოძიების პროცესს.

აქვე სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, პროაქტიულად და სრულფასოვნად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას მსგავსი მნიშვნელობის ფაქტებთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა