2021 წლის სექტემბერში სესხების მოცულობა 930.93 მლნ ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკის ცნობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 930.93 მლნ ლარით (2.32%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 41.01 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 576.89 მლნ ლარით (3%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 354.04 მლნ ლარით (1.7%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.03%-ით).რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.10%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.12%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.46%-ით მეტი). 2021 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.63%-ით, ანუ 326.63 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 20.42 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.33% შეადგინა, 2021 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.32 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.24 პროცენტული პუნქტით).