ეკატერინე ტიკარაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესება იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, კოვიდპანდემიის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
"დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ეპიდემიური სიტუაცია ყურადსაღებია. შემთხვევებს დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია. ტიკარაძის თქმით, ოქტომბრის თვიდან ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება მეტად ლოკალიზებული იყო და იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინირებული მოსახლეობის წილი შედარებით მცირეა, მაგალითად იმერეთსა და კახეთში, გაზრდილია ინფიცირების შემთხვევები.
მინისტრი მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ სწორედ საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-მ გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ მთავრობა მუნიციპალურ ტრანსპორტზე 4 ნოემბრიდან შეზღუდვის დაწესებას გეგმავს.
განვმარტავთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, კომპანიებს მიეწოდათ აღნიშნული ინფორმაცია, რათა თანამშრომელთა ტრანსპორტირება უზრუნველყონ.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენს მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების მიზანს არ წარმოადგენს საზოგადიების შეცდომაში შეყვანა, ან სხვა რაიმე მიზანმიმართული ზრახვა, გარდა მოსახლეობის ინფორმირებისა.