უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გარდაცვლილი ჯაბა კვარაცხელიაა. როგორც ახლობლები წერენ, ის კურსკის ოლქში შეტაკებებისას დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, კვარაცხელიას ზურგიდან ესროლეს.
"აფხაზეთიდან დევნილი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი წალენჯიხელი (ნაკიფუდან) ჯაბა კვარაცხელია შეეწირა რუსეთის სასტიკ აგრესიას უკრაინაში" - წერენ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველზე.
ჯაბა "თავისუფალი საქართველოს" დანაყოფის მეთაური იყო და კურსკის მიმართულებაზე უკრაინულ ქვედანაყოფებთან ერთად იბრძოდა. 2023 წლის სექტემბერში ის ბახმუტის მიმართულებაზე საბრძოლო დავალების უნაკლო შესრულებისთვის უკრაინის მთავარსარდალმა "ოქროს ჯვრის" სამკერდე ნიშნით დააჯილდოვა.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.