თეგებით ძიება

გიგი უგულავა შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავს

შიმშილობის დაწყებაც არ არის გამორიცხული, რადგან ეს განგრძობადობა უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილმა რაღაც მომენტში უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. ესენი მკვლელობაზე წამსვლელები არიან, შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ და ასე იყოს მუდმივი ესტაფეტა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

როგორც უგულავა აცხადებს, მხოლოდ ერთი კაცი არ უნდა იყოს დისკომფორტში.

„შიმშილობის დაწყებაც არ არის გამორიცხული, რადგან ეს განგრძობადობა უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილმა რაღაც მომენტში უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. ესენი მკვლელობაზე წამსვლელები არიან, შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ და ასე იყოს მუდმივი ესტაფეტა. ერთი კაცის დისკომფორტი კი არ უნდა იყოს და დანარჩენები კომფორტში, დისკომფორტი უნდა შეუქმნა საკუთარ თავს და დისკომფორტი უნდა შეუქმნა ხელისუფლებას ყველგან. მივა ღარიბაშვილი სადღაც, იქ დახვდება ბევრი ადამიანი, სადაც ესვრიან კვერცხს - ასეთი იქნება მრავალი, ათასი. ვიღაცა სარფიდან რუსთავამდე ფეხით წამოვა, ვიღაცა მიუვარდება ღარიბაშვილს, ვიღაცა მიუვარდება კალაძეს. ასე არ იქნება, - თქვენ ადამიანი გამოკეტოთ, მოკლათ, არჩევნები მიითვისოთ და შემდეგ გაპრანჭულმა იაროთ იქ და ზღაპრები მოგვიყვნენ ქვეყნის აღმშენებლობაზე მაშინ, როდესაც ქვეყანა ინგრევა“, - განაცხადა უგულავამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან, დეპუტატის მანდატის დატოვება არასწორია, რადგან, მისივე განმარტებით, იმისათვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო და სრულად პროპორციული არჩევნები მივიღოთ, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ხმები საკანონმდებლო ორგანოში.

„პრაგმატულად, დღეს ვთვლი, რომ პარლამენტის დატოვება არ არის სწორი, ერთი მიზეზის გამო - როდესაც ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო, სრულად პროპორციულ არჩევნებს, ამას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, ამას ოპოზიციის ხმები სჭირდება“, - აღნიშნა უგულავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიტენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან დღემდე შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა