თეგებით ძიება

"ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში ივანიშვილს ბეჭებზე დავდებთ" - მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს. სააკაშვილი საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმს მრავალრიცხოვნების ეშინია.

ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა უკლებლივ ყველა ქალაქში. ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი დამარცხებული. მანამდე ეუბნებოდნენ, რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო, მერე როცა მოიგეს, უბრალოდ გააბათილეს მოგება და ახლა არწმუნებენ, რა აზრი აქვს ქუჩაში გამოსვლას, მაინც არაფერი გამოვაო.

არადა, ივანიშვილის ბანდას ეშინია სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის. არ არსებობს მსოფლიოში დიქტატორი, რომელსაც ამის არ ეშინია და ეს დიქტატორი განსაკუთრებით სუსტია, იმიტომ, რომ ძირითადი ფული დასავლეთის ბანკებში აქვს. დასავლეთმა აბსოლუტურად ზუსტად დააფიქსირა საარჩევნო დარღვევები და ახლა მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩებში. ეუთოს დამკვირვებლების ხელმძღვანელმა თქვა, ჩვენ ყველაფერი ვთქვით და ახლა დანარჩენი ქართველ ხალხზეაო.

ახლა აუცილებლად შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები ერთი ლოზუნგით, რომ შემდგომ ქუჩაში ბრძოლას "აზრი არ აქვს", "მაინც არაფერი გამოვა". ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძმედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა, ასევე, რამდენიმე ძალიან გაბედული ლიდერი, რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი.

და მეორე, ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა, თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობაში და დაუღალაობაშია", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა