"უფრო მაღალი უნდა იყოს საწვავის ღირებულება" - სოსო ფხაკაძე
"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განმარტებით, ამჟამად საქართველოში ნავთობპროდუქტების ღირებულება იმაზე დაბალია, ვიდრე ამას საერთაშორისო ფასი განსაზღვრავს.
როგორც ფხაკაძემ BMG-სთან საუბრისას განაცხადა, საწვავის ფასებთან მიმართებით პროგნოზების გაკეთება რთულია.
"პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია საწვავის ფასებთან მიმართებით. რასაკვირველია, თუ შევხედავთ ექსპერტების და სხვადასხვა კომპანიის შეფასებებს, მოლოდინები აქვთ, რომ ბარელზე ნავთობი, შეიძლება, 100 დოლარის ფარგლებში ავიდეს, მაგრამ ახლა სადღაც 82-84-ის დიაპაზონშია ფასები, რაც ორჯერ და კიდევ უფრო მეტია, ვიდრე პანდემიის პერიოდში აქამდე იყო.
რა თქმა უნდა, ნავთობის ფასების ზრდამ ასახვა ჰპოვა ნავთობპროდუქტების ფასების მატებაზე საერთაშორისო ბაზარზე. საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და სამწუხაროდ, პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ფასების მომატებასთან საერთაშორისო ბაზრებზე. ყველანაირად ვცდილობთ, ეს მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე. ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი სწრაფად არ მოხდეს", - განმარტა სოსო ფხაკაძემ.
წყარო: https://bm.ge/