თეგებით ძიება

"მერე, ბევრი მუქარა და ბინძური დავალება იყო, ამ სიბინძურის შეუსრულებლობის ფონზე კი, ის მეორე შვილი დაბადებამდე დაიღუპა..." - ჟურნალისტი 7 ნოემბერს და მის შემდგომ მოვლენებს იხსენებს

ჟურნალისტი, ია თინიკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, რამაც მისი არდაბადებული შვილიც იმსხვერპლა.

" მიხეილ სააკაშვილის გორში შესაძლო გადმოყვანის მოლოდინში ჰოსპიტლის რკინის კართან ვმუშაობდი ამ საღამოს.
როდესაც პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ არა გორში, არამედ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მოხდა სააკაშვილის გადაყვანა, ბუნებრივია, მედიის წარმომადგენლებმა ჰოსპიტალთან მუშაობა დავასრულეთ და ძველ ამბებს ვიხსენებდით...

მაშინაც ამ რკინის ჯებირთან ვიდექი - 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა უმოწყალოდ ნაცემი კობა დავითაშვილი გადმოიყვანეს თბილისიდან გორის ჰოსპიტალში. ორსულად ვიყავი, მეორე შვილს ველოდი, მერე, მერე იმ საღამოს ,,იმედი" დაარბიეს და მუშაობაც შევაჩერეთ. ,,იმედის" ეთერში ჩემი ბოლო ჩართვა სწორედ ამ ადგილიდან იყო...

მერე, ბევრი მუქარა და ბინძური დავალება იყო, ამ სიბინძურის შეუსრულებლობის ფონზე კი, ის მეორე შვილი დაბადებამდე დაიღუპა...
მერე...

მერე, აღარ მინდა მოყოლა, მუდმივად ვაიძულებ საკუთარ თავს, რომ იმ ამბებზე ფიქრის და საუბრის უფლება არ მივცე ", - წერს ია თინიკაშვილი ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ღონისძიება, მესამე პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ განხორციელდა.

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. მოგვიანებით პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ ოფისშიც შევიდა. 7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა