თეგებით ძიება

"ხელისუფლებამ არ იცის რას აკეთებს, არის შეშინებული და ინსტიქტებით მოქმედებს" - ბექა კობახიძე

ისტორიკოსი, ბექა კობახიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში აანალიზებს:

"საშიში მდგომარეობის შესახებ:
ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ არ იცის რას აკეთებს, არის შეშინებული და ინსტიქტებით მოქმედებს.
რატომ არის ეს ასე? ერთი მაგალითი: გუშინ გაავრცელეს კადრები, რომ სააკაშვილი ექიმის კაბინეტში, ექიმის მიერ მიწოდებულ ხილის პიურეს ჭამდა ხუთთეთრიანი ერთჯერადი ჭიქიდან. აიო, მოჰყვა ყიჟინა, საჭმელს ჭამსო.

თვითონაც იციან რომ ეს საჭმელი არ არის, მაგრამ ერთდღიანი ეფექტისა და მისი დისკრედიტაციისთვის გადადგეს სრულიად გაუთვლელი ნაბიჯი.
ხომ 2*2=4 იყო, რომ ამის შემდეგ სააკაშვილი დაამძიმებდა შიმშილობას, უარს იტყოდა მკურნალობაზე, გახდებოდა ჰოსპიტალში გადასაყვანი, დაინგრეოდა მითი მის არშიმშილობის შესახებ და აღარავის გაახსენდებოდა ხილის პიურე?

რატომ გააკეთეს ეს? ამას პრაგმატული ახსნა არ აქვს. უბრალოდ არ იციან რას აკეთებენ და რომ არ იციან, ამიტომ არ ვარ დარწმუნებული რომ კაცი არ მოუკვდებათ.

სააკაშვილის სიკვდილი ბევრი მიზეზის გამო არ შეიძლება. მათ შორის, ჩამოვთვლი მხოლოდ იმ მიზეზებს, რომელზეც შეიძლება საზოგადოება შევთანხმდეთ, მისი ოპონენტების ჩათვლითაც:

- სააკაშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი. მისი სიკვდილი უნდა ზიდოს ჩვენმა ისტორიამ და უნდა ვზიდოთ ყველამ, ვინც საქართველოს ისტორიის ამ კონკრეტულ ეტაპზე ვცხოვრობთ;

- ჩვენში უყვართ ჰეროიზმი და, უეჭველად, მისი შესაძლო სიკვდილი ასეთთა კატეგორიაში შევა. აღარავის გაახსენდება მის ოპონენტთა კრიტიკა, ბრაზი, ქილიკი თუ ღლიცინი. ის ისტორიას დარჩება პრეზიდენტად, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტი თერთმეტჯერ, ეკონომიკა ოთხჯერ და პენსიები თორმეტჯერ გაზარდა; აღმოფხვრა კორუფცია, დაამარცხა კრიმინალი და ა.შ. დამიჯერეთ რომ ეს ასე იქნება. სიკვდილის შემდეგ, გამსახურდიას ყველაზე აქტიური ოპონენტები და პუტჩისტებიც ვეღარ უხსენებდნენ იმას, რაზეც სიკვდილამდე ალმორეულები ებრძოდნენ (1991 წლის სექტემბერში მიტინგის დახვრეტა, ძალაუფლების კონცენტრაცია, საკადრო პოლიტიკა, ეკონომიკური დაღმასვლა და ა.შ.). საჯარო სივრცეში, თავჩაქინდრულები ატარებენ პუტჩისტთა ტიტულს. არამგონია ასეთი პერსპექტივა ქართული ოცნების ყველაზე ბრმა მხარდამჭერსაც აწყობდეს;

- ვინმეს მოსწონს ეს თუ არ მოსწონს, სააკაშვილის პარტიას არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის თითქმის ნახევარმა დაუჭირა მხარი (სახელისუფლებო დათვლებითაც კი). რაც არ უნდა ანტიმიშა განწყობა გქონდეთ, ეს ციფრები დევს მაგიდაზე და ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევრის განწყობას გვერდს ვერ ავუვლით. თუ ვინცობაა ძუნწი ვინმე ოცნების მხარდამჭერი პროცენტებში შემომედაოს, პირველ ტურში ხომ იყო უშუალოდ ენმ-ის მხარდაჭერა 31%? ცოტაა?! ამას გათვალისწინება არ უნდა? დამიჯერეთ, მიშას სიკვდილის შემთხვევაში ყველაზე გამოუსწორებელი შუაშისტიც კი ქუჩაში გამოვარდება. კაცმა არ იცის რა მოხდება. ხელისუფლება, რომელსაც სააკაშვილი შემოეპარა, ესებუა გაექცა და ასეთ საბაზისო კრიზისსაც ვერ ამენეჯმენტებს, ვერ გაუმკლავდება ეგზალტირებული ასიათასების გამოსვლას. მეტადრე, კაცის სიკვდილის შემთხვევაში, ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია მთლიანად დაიკარგება. მგონი, ასეთი სცენარი, რომელიც სავსებით რეალისტურია, ოცნების ბრმა მხარდამჭერებსაც არ აწყობთ;

- ძალადობა ბადებს ძალადობას. გამსახურდიას სიკვდილით ჩვენ შევქმენით პრეზიდენტის ფიზიკური განადგურების პრეცედენტი, სააკაშვილის სიკვდილით ჩვენ შევქმნით ტრადიციას, ამ სიტყვის ყველაზე ნეგატიური კონოტაციით. იმის გათვალისწინებით რომ სააკაშვილის პარტიას ასიათასები უკვე უჭერენ მხარს, მისი სიკვდილის შემთხვევაში მხარდამჭერთა რიცხვი რამდენჯერმე გაიზრდება, არამგონია ივანიშვილის, ღარიბაშვილის და სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე, როცა ადრე თუ გვიან ხელისუფლების დათმობა მოუწევთ (იმედია ამაზე მაინც ვთანხმდებით, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლება უნდა შეიცვალოს). ფატალური შედეგის შემთხვევაში, ვინღა აიტანს პარლამენტის ტრიბუნასთან სააკაშვილის სიკვდილზე მოღლიცინე მამუკა მდინარაძეს ან მის კვებაზე მცდარი ინფორმაციის გამავრცელებელ რატი ბრეგაძეს?

თავს ნუ დაიიმედებთ რომ სააკაშვილი სიკვდილამდე არ იშიმშილებს. აუცილებლად იშიმშილებს სანამ გონზე იქნება და გონზე თუ აღარ იქნა, მერე შეიძლება მედიცინა უძლური აღმოჩნდეს.

გონებადაკარგული რომც მოაბრუნონ, რატომ გგონიათ რომ მერე შეჭამს? ექვსი წელი ხელოვნურ კომაში და გადასხმებზე ხომ არ ამყოფებთ?
საფრთხეები მგონი გასაგებია, მაგრამ სად არის გამოსავალი?

ვითარების დინებაზე მიშვების შემთხვევაში, ფატალური შედეგი და ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეების დადგომა, ფაქტობრივად, გარდუვალია.
მხარეები, და მათთან ერთად ორ ბანაკად დაყოფილი საზოგადოება, ერთმანეთის პირისპირ არიან. მათ კომპრომისულ გამოსავალზე ფიქრის რესურსი ამოწურული აქვთ.

საჭიროა მორალური ავტორიტეტი, რომელიც მედიაციას იკისრებს და ვითარებიდან გამოსავლის გზებს წარმოადგენს.
ვინ შეიძლება იყოს ასეთი? მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის მცდელობისა, რომ მას ზეპარტიული განცხადებები გაეკეთებინა, მისმა ბრიფინგმა აჩვენა რომ ის არის მხარე და მედიატორად ვერ გამოდგება.

დასავლეთის მედიაციისადმი ნდობაა დაკარგული მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელისუფლებამ უქნა. აღარც მე მჯერა, რომ დღევანდელ დასავლეთს ვინმესადმი მყარი გარანტიების მიცემა შეუძლია.

რჩება საქართველოს პატრიარქი. ვინც რას არ უნდა ფიქრობდეს მასზე, ფაქტია, რომ ქვეყანაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვს ამ ერთ ადამიანს. ამის არგათვალისწინება და არ გამოყენება არ შეიძლება. პატრიარქი ვერ დარჩება განზე და ვერ იტყვის რომ ის პოლიტიკაში არ ერევა. ამის თქმის უფლება დღეს არავის გვაქვს, რადგან წინ გვიდგას ზემოხსენებული საფრთხეები.

საქართველოს უახლეს ისტორიას ახსოვს, რომ თბილისის სამოქალაქო ომის დროს პატრიარქი იყო მხარე და პირველი პრეზიდენტის სამეგრელოს ტყეებში დევნას, მის სიკვდილს შეხვდა დუმილით. ახლა ეს აღარ გამოვა. ან აქტიურად უნდა ჩაერიოს სიცოცხლის გადარჩენაში, ზემოხსენებული საფრთხეების არიდებაში, ან მასზე იქნება პილატე პონტოელის ცოდვა და ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა.

ეს პასუხისმგებლობა გვაწევს ყველას და ყველაზე მეტად მას, როგორც ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურას.
საქმეს არ სჭირდება მეუფე შიოს ქადაგებები, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებები, ვერც მეუფე ნიკოლოზის საპატიმროში ვიზიტები შეამსუბუქებს მდგომარეობას.

პირველ რიგში, გადასარჩენია სიცოცხლე და შემდეგ არის ყველაფერი დანარჩენი. პატრიარქმა პირადად, თავისი ხმით, უნდა მოუწოდოს ხელისუფლებას რომ მან გაითვალისწინოს სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა და მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში.
დათმობების გარეშე პრობლემა ვერ გადაწყდება და პირველი დათმობა უნდა იყოს სიცოცხლის გადარჩენის სასარგებლოდ.

იდეალურ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრმა უნდა მოიხადოს ბოდიში არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის და ამით პატიმარს მორალური საშუალება მისცეს შეწყვიტოს შიმშილის მძიმე ფორმა, მიიღოს ხილის პიურეები და მედიკამენტები.

ცხადია, ეს პრობლემას ვერ გადაწყვეტს და, შიმშილობის შეუწყვეტელობის შემთხვევაში, ფატალური შედეგი მაინც დადგება. მაგრამ მოვლენათა დროში გაწელვა პოლიტიკური პროცესის და მოლაპარაკებების საშუალებას იძლევა.

რა შეიძლება იყოს პოლიტიკური გამოსავალი?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, უნდა ავხსნათ რა არის ოპოზიციისა და მის მხარდამჭერთა რადიკალიზაციის წყარო? ის რომ საქართველოში არჩევნები არ გამოხატავს ხალხის ნებას. აქ საუბარი არ არის საარჩევნო ყუთში მოხვედრილ ბიულეტენებზე.

საარჩევნო დღისთვის ხელისუფლებას უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი და მოთავებული აქვს. არჩევნების დღე დაახლოებით იმ საფეხბურთო მატჩს გავს, როდესაც ერთი გუნდი მოედანზე 3:0 უპირატესობით გავიდა, თან თერთმეტივე ფეხბურთელი დოპინგით არის გამაძღარი და მოწინააღმდეგე გუნდს ამ უპირატესობის ამოქაჩვა ევალება. ამ გარემოებაშიც, 3:2-მდე სულ ადიან, მაგრამ მსაჯიც, საფეხბურთო წესებიც და ყველაფერი ერთ გუნდზეა აწყობილი.
შესაბამისად, თუ დაჩაგრული გუნდი ბოლო წუთებზე მეტოქის ფეხების მტვრევას დაიწყებს, მათი ქმედება მორალურად გასაგები გახდება.

აი ასეა ჩვენი არჩევნები, ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში გარანტირებული 70-80%-იანი უპირატესობა, სუს-ი, პოლიცია, დაჭერები, დაშინებები, ერთი პარტიის სამსახურში ჩამდგარი გამგეობები, ურიცხვი სსიპ-ები და ააიპ-ები, პარტიისავე სამსახურში ჩამდგარი სახელმწიფო ბიუჯეტი, "ატკატებზე" მომუშავე "შემომწირველები", უბნის კურატორი ძველი ბიჭები და დეიდები და სხვ.
ხელისუფლება ოპოზიციას არ უტოვებს სასუნთ სივრცეს, წარმატების მიღწევის საშუალებას.
ამ რეალობაში არჩევნები აზრს კარგავს, ოპოზიციაში მძლავრობს რადიკალიზმი, რომელიც მორალურ ლეგიტიმაციას იძენს. მათ შორის, ლეგიტიმური ხდება სააკაშვილის პროტესტის უკიდურესი ფორმაც.

თუ ქვეყნის სიყვარულით არა, საკუთარი ხვალინდელი დღის სიყვარულითა და რადიკალიზაციის მსხვერპლობის შიშით მაინც, ხელისუფლებას გონი უნდა ეყოს და ჩვენც შევთანხმდეთ, რომ არ დავუშვებთ ზემოხსენებული რესურსების საარჩევნო პროცესში გამოყენებას. სხვანაირად, ქვეყანა ვერასდროს დალაგდება.

სააკაშვილის პატიმრობა, შიმშილი და სიკვდილიც კი ვერ გამოიწვევდა ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაციას, რომ იყოს სამართლიანობის და თანაბარი შეჯიბრებითობის განცდა.

ამიტომ, რადიკალიზმის შემსუბუქება-მოხსნის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლების კისერზეა.
მესმის რომ სააკაშვილის გათავისუფლება-არგათავისუფლება, პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივი საკითხიც არის. ვენდობით თუ არ ვენდობით ამ სასამართლოს, არსებობს განაჩენი და, სანამ ის ძალაშია, ასე ჰარი-ჰარალოზე ვერ გათავისუფლდება. სამართლებრივი მექანიზმი უნდა მოიძებნოს. დღეს ასეთ მექანიზმად მხოლოდ პრეზიდენტის შეწყალება არსებობს. პრეზიდენტი სუბიექტურადაც არ ათავისუფლებს და, ობიექტურიც რომ იყოს, მაინც გაუჭირდებოდა შეწყალება. ასეთი საკვანძო გადაწყვეტილების მიღებას არ ჰყოფნის პრეზიდენტის პირადი მოსაზრება. მასზე ფართო კონსენსუსი თუ არა, მოქალაქეთა უმრავლესობის შეთანხმება მაინც არის საჭირო.

ამიტომ, პატრიარქის შუამავლობითა და პასუხისმგებლობით, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილმა სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და დაბრუნდეს საპატიმროში, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ამასთანავე, მას საპატიმროდანაც უნდა მიეცეს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის საშუალება და არ უნდა გადამალონ, როგორც ამას ახლა აკეთებენ და ამით რადიკალიზმს ამწვავებენ.

ამის შემდეგ, მთლიანად ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ჩაატარებს თუ არა ხალხის ხმის გამომხატველ არჩევნებს. თუ არ ჩაატარებს, რადიკალიზაციის ტალღა ხელახლა დაიძვრება და, შესაძლოა, უფრო მწვავედაც.

თუ ამ არჩევნებში მოიგებენ სააკაშვილის გათავისუფლების მომხრე ჯგუფები, შემდეგ ამნისტიის სამართლებრივი მექანიზმებიც მოიძებნება.
თუ ვერ მოიგებენ და ქართული ოცნება სამართლიანად გაიმარჯვებს, ენმ ვერ შეძლებს პროტესტის მობილიზებას, რამდენადაც არ უნდა უნდოდეს.
ჩვენ გვახსოვს 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები, როდესაც ქართულ ოცნებას ობიექტურად მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა, არ სჭირდებოდა ხელების გრეხვა და საკმაოდ სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებში დიდი სხვაობით იგებდა. ახერხებდა მაშინ ოპოზიცია რადიკალიზაციას? ვერ ახერხებდა. ამიტომ, ნების შემთხვევაში, საქმე იმაზე მარტივად არის, ვიდრე გვგონია.

ხალხის ხმის გამომხატველი არჩევნების ჩატარება, მათ შორის, საჭიროა იმისთვის რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყნიდან გასაქცევი არავინ გახდეს", - წერს კობახიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა