ჩვენ მოველით, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მომავალი წლის გაზაფხულიდან ინფლაცია, სავარაუდოდ, შემცირდება - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილი.
"ჩვენ მოველით, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება ინფლაციის შემცირება, თუმცა, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც განაცხადა, გაურკვევლობა ბევრია, შეიძლება შემცირების ტემპი არ იყოს ისეთი სწრაფი, როგორსაც ადრე მოველოდით. ჩვენ ამას ვაკვირდებით. ეს არის ასევე ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული, თუ ეს ინფლაცია გადადის მოლოდინებში. თუ ეს ინფლაცია გადადის მოლოდინში, ჩვენ ამაზე დამატებითი რეაგირება გვექნება და გვაქვს საკმაოდ ბევრი ინსტრუმენტი ინფლაციაზე რეგირებისთვის, თუმცა, მიზანშეწონილობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა გამოვიწვიოთ ის, რომ მკვეთრად შევამციროთ ინფლაცია.
მოკლევადიან პერიოდში მოკლევადიანი შედეგი მივიღოთ, გამოვიწვიოთ უმუშევრობის ზრდა, შიდა პროდუქტის მკვეთრი შემცირება და ამან შემდეგ ეტაპზე მოგვცეს მაღალი ინფლაცია და დამატებითი ეკონომიკური პრობლემები. ამიტომაც არის ეს ძალიან რთული პერიოდი, ინფლაცია ძალიან მნიშნველოვანი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში და მნიშვნელოვანია, რომ ოქროს შუალედი დავიჭიროთ და ეს პერიოდი სწორად გავიაროთ,“- განაცხადა მესტვირიშვილმა.