თურქული ლირის ფასმა ისტორიული მინიმუმი შეადგინა
თურქული ლირის კურსმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. მისმა ფასმა ერთ ამერიკულ დოლარში 10 ლირაზე მეტი შეადგინა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება.
ექსპერტები ლირის გაუფასურებას ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების დაწევას უკავშირებენ. ამ პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში ინფლაცია 20% იქნება, რაც გეგმურ მაჩვენებელზე ოთხჯერ მაღალია.
ბოლო გაუფასურებამ 1,2,% შეადგინა და 1 აშშ დოლარის ფასი 10,0218 ლირა გახდა. Reuters-ის ცნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში თურქული ეროვნული ვალუტა 2/3-ით გაუფასურდა. ინფლაცია კი უკვე მერამდენე წელია ორნიშნა ნიშნულზეა.
წელს ლირა 25%-ით გაუფასურდა. ინვესტორები თურქეთის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სიმყარესთან დაკავშირებით ეჭვებს გამოთქვამენ. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპროცენტო განაკვეთის შემცირებას მოითხოვდა, რამაც, მისი აზრით, ეკონომიკურ ზრდას უნდა შეუწყოს ხელი. ამის გამო თურქეთის ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი საერთო ჯამში 300 პუნქტით დასწია.
„თურქეთი საერთაშორისო ინვესტორებისთვის სულ უფრო არამიმზიდველი ხდება. თუ საპროცენტო განაკვეთი დაკლებას განაგრძობს, რეალური შემოსავლები 500-600 საბაზისო პუნქტით შემცირდება. ამას კი არც თურქეთისთვის, არც სხვა ნებისმიერი ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოაქვს“, - განაცხადა TD Securities-ის ანალიტიკოსმა კრისტიან მაჯომ.
გასულ თვეში თურქეთში სურსათზე ფასმა 30%-ით მოიმატა გასულ წელთან შედარებით. Istanbul Analytics-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ ცენტრალური ბანკი მომავალ წელსაც საპროცენტო განაკვეთის კლებას განაგრძობს, ინფლაცია 25%-ს ვერ ჩამოსცდება, რასაც ლირის გაუფასურება და იმპორტზე ხარჯების ზრდა მოჰყვება.