მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს
საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე ხვალ დაგეგმილ სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს.
როგორც ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიმ განმარტა, სასამართლომ პარასკევს გაუგზავნა პენიტენციურ სამსახურს მოთხოვნა, ამიტომ სააკაშვილის არგადაყვანის სამართლებრივი და პროცედურული საფუძველი არ არსებობს.
ჯანმრთელობის მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მძიმე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს მათ შორის დღესაც, რომ მოიკრებს მაქსიმალურად ძალ-ღონეს და დაესწრება ამ პროცესს, მთავარია უზრუნველყონ მისი გადაყვანა. როდესაც სააკაშვილი აცხადებს, რომ სურს პროცესს დაესწროს, პენიტენციურ სამსახურს მისი არგადაყვანის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს",- განაცხადა ადვოკატმა
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად სააკაშვილს აქვს უფლება, უშუალოდ მიიღოს პროცვესში მონაწილეობა, ხოლო სახელწმიფო ვალდებულია, სააკაშვილი წარადგინოს სასამართლოს წინაშე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.