თეგებით ძიება

"უცოდინრები ზედმეტად თავდაჯერებულები არიან..." - ვისზე წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე დანინგ-კრუგერის ეფექტის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"დანინგ-კრუგერის ეფექტი: უცოდინარი,რომელმაც არ იცის, რომ უცოდინარია.

1999წ. დევიდ დანინგმა და ჯასტინ კრუგერმა აღწერეს უცოდინარი ადამიანების მიდრეკილება, გადაჭარბებულად შეაფასონ საკუთარი უნარები და მიანიჭონ მათ საშუალოზე ბევრად მაღალი დონე.

2000 წელს მათ ამ ნაშრომისთვის ნობელის პრემია მიენიჭათ.მეცნიერებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს კორნელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან,სადაც სტუდენტებს დავალების შესრულების შემდეგ უნდა შეეფასებინათ თავიანთი შედეგები.

აღმოჩნდა,რომ, რაც უფრო დაბალი შედეგი ჰქონდა სტუდენტს,მით მეტად მაღალი ქულებით აფასებდა საკუთარ შედეგს.(თუ მათი რეალური შედეგი იყო12 ქულა, ამბობდნენ, რომ ექნებოდათ 60 ქულა)...

ხოლო მაღალი შედეგების მქონე სტუდენტები, პირიქით, დაბალ ქულებს პროგნოზირებდნენ (90 ქულის მქონე ამბობდა, რომ მისი შედეგი იქნება, სავარაუდოდ, 80).

ექსპერიმენტები ადასტურებს,რომ უცოდინრები ზედმეტად თავდაჯერებულები არიან მაშინ, როცა მცოდნეებს მეტი თავმდაბლობა ახასიათებთ.რაც უფრო ნაკლები იცის ადამიანმა,მით მეტადაა დარწმუნებული საკუთარი მოსაზრების სისწორეში და არ შეუძლია სხვისი კომპეტენტურობის შეფასება.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ცოდნასა და თავდაჯერებულობას შორის არსებობს შემდეგი დამოკიდებულება:

ნულოვანი ცოდნა ნიშნავს ნულოვან თავდაჯერებულობას, მაგრამ, როგორც კი ჩნდება მცირე ცოდნა, თავდაჯერებულობა მკვეთრად იზრდება და მაქსიმუმს აღწევს. შემდეგ,გარკვეულ ეტაპამდე, ცოდნის ზრდასთან ერთად, საკუთარ შესაძლებლობებზე არსებული წარმოდგენა მცირდება, მერე კი ისევ იმატებს, თუმცა, მცოდნე ადამიანის თავდაჯერებულობა არასდროს არ არის ისე მაღალი,როგორც უცოდინარის.
პრობლემის მოგვარების ძირითადი გზა ისევ განათლებაა. როგორც ანატოლ ფრანსი ამბობდა,
განათლებულობა არ არის ის, რაც ვიცით,განათლებულობა არის უნარი, შეგვეძლოს განვაცალკევოთ ერთმანეთისგან ის, რაც ვიცით და რაც არ ვიცით.
და ბოლოს...

ერთხელ ფილოსოფოს ანაქსიმენეს თავისმა მოწაფემ ჰკითხა, თუ რა იყო იმის მიზეზი,რომ ყოველ მომდევნო წელს ეჭვი ეპარებოდა იმაში,რაზეც წინა წელს დარწმუნებით საუბრობდა.

ანაქსიმენემ ქვიშაზე ორი წრე დახაზა,ერთი დიდი და ერთი პატარა და თქვა:

პატარა წრე-ეს არის ის, რაც ახალგაზრდობაში ვიცოდი,დიდი წრე კი ის, რაც ვიცი ახლა.წლების განმავლობაში ჩემი ცოდნის საზღვრები იზრდება.ყველაფერი, რაც ცოდნის წრის გარშემოა, არის უცოდინრობა.რაც უფრო ფართოა ცოდნის წრე, მით უფრო მეტი შეხება აქვს მას არცოდნასთან,მით უფრო მეტ შეკითხვას და ეჭვს ბადებს",- წერს ფხაკაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა