პაციენტი კონტაქტურია - რას ამბობს რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე
ექიმ-რეანიმატოლოგის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გონება დაკარგა, კონტაქტურია.
"პაციენტი აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაშია. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები, არის ნორმის ფარგლებში. მე დღეს მოვედი რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა შემთხვევით. თუმცა ხანმოკლე, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა... მე მოვხვდი აქ შემთხვევით დღეს. მე ვარ კონსულტაციისთვის მოსული დღეს პაციენტთან... პაციენტი კონტაქტურია", - განაცხადა მედიკოსმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გონება ცოტა ხნის წინ დაკარგა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.